ახალი ამბები

“საქნახშირი” ტყიბულის მაღაროს დახურვაზე საუბრობს, გაფიცულები უკან დახევას არ აპირებენ

29 თებერვალი, 2016 • 1518
“საქნახშირი” ტყიბულის მაღაროს დახურვაზე საუბრობს, გაფიცულები უკან დახევას არ აპირებენ

კომპანია “საქნახშირი” ტყიბულის მაღაროს დახურვასა და კონსერვაციაზე საუბრობს, თუმცა გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ კონსერვაციის საჭიროება არ არსებობს და ამ განცხადების მიზანი გაფიცულების დაშინებაა.

“გვაქვს საწარმოო პროცესების გამო წმინდა ტექნიკური სახის პრობლემები. იმის გამო, რომ შახტა პარალიზებულია და ვერ ფუნქციონირებს, გვაქვს აალების, ხანძრის თემა და ასე შემდეგ, რაც ეტაპობრივად გარკვეული უბნების დახურვას, კონსერვაციას და შესაბამისი სამუშაოების გატარებას მოითხოვს. ამის გარდა, არსებობს მთელი რიგი კომერციული სირთულეები, ვინაიდან შახტა არ ფუნქციონირებს ვერ ვაწვდით პროდუქციას და ფინანასურ ზარალს ვიღებთ. ის მოცულობა, რაც უნდა შეგვესრულებინა და მიგვეწოდებინა ჩვენი მყიდველისთვის, ამოვარდა საწარმოო გეგმიდან, – “საქნახშირის” ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ განაცხადა ტელეკომნპანია “იმედთან” საუბრისას.

გაფიცული რუსლან ბუცხრიკიძე ამბობს, რომ შახტების კონკრეტული მონაკვეთების პერიოდულად დახურვა ჩვეულებრივი საწარმოო პროცესის დროსაც ხდება.

“სამუშაო პროცესის დროს შახტაში არის ისეთი პირობები, როდესაც ადამიანი მუშაობს, მაგ შემთხვევაშიც ხდება გარკვეული ადგილები, საიდანაც ნახშირი მოიპოვება. იმ შემთვევაში, როდესაც ნახშირის გარკეული რაოდენობა არის მოგროვილი, რომელიც ვერ გამოგვაქვს. მერე იწყებს ჩახურებას და აალებას. მაგ შემთხვევაშიც ხდება აალება. ამ სიტუაციაში მთელი უბნები რომ იყოს კონსერვირებული, არის სრული აბსურდი. მაგას აუცილებლობა უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ მოითხოვს და ასეთ განცხადებებს აკეთებენ ადამიანების დაშანტაჟებისთვის”, – განაცხადა რუსლან ბუცხრიკიძემ.

რუსლან ბუცხრიკიძე ამბობს, რომ აალება ხდება კონკრეტულ უბნებში, რა დროსაც მხოლოდ ერთი მონაკვეთი იკეტება და სხვა მონაკვეთზე გადადიან სამუშაოდ. მისი თქმით, თუ კომპანბია მაღაროს დახურავს, სახელმწიფოს წინაშე ლიცენზიის აღების დროს ნაკისრ ვალდებულებებს დაარღვევს.

ტყიბულში 16 დღეა მაღაროელთა გაფიცვა მიმდინარეობს. მუშების მოთხოვნების საპასუხოდ, საწარმოს შეთავაზებები ამ დრომდე მინიმალურია. შესაბამისად, მაღაროელები საწარმოს წინადადებაზე უარს ამბობენ და გაფიცვას აგრძელებენ.

“საქნახშირში” დასაქმებულებმა გაფიცვა ხელფსების 40%-იანი ზრდისა და სამუსაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი