ახალი ამბები

კახა კალაძე გაზის სამხრეთ კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე ბაქოში გაემგზავრა

29 თებერვალი, 2016 • 1377
კახა კალაძე გაზის სამხრეთ კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე ბაქოში გაემგზავრა

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში, გაზის სამხრეთ კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე გაემგზავრა.

მინისტერიალზე განიხილავენ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას. ასევე, Tanap-ისა და Tap-ის პროექტებს, სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად, აცხადებს სამინისტრო.

მინისტერიალს გახსნის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.

გეგმის მიხედვით, მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები BP-ის წარმომადგენლებთან, აშშ-ის დელეგაციასთან და სოკართან.

მინისტერიალი ერთდღიანია და ენეგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში 29 თებერვალს დაბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი