ახალი ამბები

“სახალხო კრება” “გადამწყვეტ ბრძოლას” 21 მაისს იწყებს

2 მაისი, 2011 • 1100
“სახალხო კრება” “გადამწყვეტ ბრძოლას” 21 მაისს იწყებს

“წარმომადგენლობითი სახალხო კრება” “ხელისუფლების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლას” 21 მაისიდან იწყებს. ამის თაობაზე განცხადება კრების სახელით დღეს ნონა გაფრინაშვილმა გაავრცელა.

«სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა ხალხს მოუსპო შესაძლებლობა, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით გამოხატოს საკუთარი ნება, ამიტომ ხალხს დარჩა ერთადერთი გზა – გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციის მე–5 მუხლით გარანტირებული და მინიჭებული უფლება, თავისი ძალაუფლება განახორციელოს პირდაპირი და უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის წასვლის შემდეგ არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება», – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

მანვე ჟურნალისტებს გააცნო “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” სამოქმედო გეგმა:

«ვიწყებთ საერთო სახალხო გამოსვლებს, რომლის დროსაც მივმართავთ სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ფორმასა და მეთოდს».

გაფრინდაშვილის თქმით, 21 მაისს სახალხო კრებისა და მის მიერ შექმნილი წინააღმდეგობების კომიტეტების ორგანიზებით თბილისში სამ ადგილზე დაიწყება ხალხის შეკრება: თბილისელი აქტივისტები ფილარმონიასთან მოიყრიან თავს, აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსულები – ავლაბარში, დასავლეთ საქართველოდან კი – ვარდების მოედანზე. სამივე ადგილიდან მოეწყობა მსვლელობა, რომელიც 15:00 საათზე გაგრძელდება აქციით თავისუფლების მოედანზე.

პარალელურად, იმავე დღეს, 21 მაისს, სახალხო კრების ეგიდით საპროტესტო აქციები გაიმართება საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც – ბათუმში, სამტრედიაში, ხაშურში, ხარაგაულში, ზესტაფონში და სხვა. აქციის მონაწილეთა კოლონებით გადაადგილების უსაფრთხოებას, სახალხო კრების ლიდერების თქმით, შეფიცულთა რაზმები უზრუნველყოფენ.

«სახალხო კრება არ გაურიგდება სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებას,» – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა. მისივე თქმით, “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” აქციები საბოლოოდ არსებული ხელისუფლების დემონტაჟით დასრულდება.

ნონა გაფრინდაშვილის მიერ განცხადების გახმიანების პროცესს დღეს უხმოდ ესწრებოდნენ კრების სხვა წარმომადგენლები: ნინო ბურჯანაძე, გოგი ქავთარაძე, გია ბურჯანაძე და სხვები. მათ ამ საკითხებზე დამატებითი კომენტარების გაკეთება პრესისთვის აღარ ისურვეს.

სახალხო კრებამ 15 მარტს კალათბურთის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ «სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებისთვის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად» კონკრეტულ თარიღს 2 მაისს გამოაცხადებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი