ახალი ამბები

ტრადიციული ქუთაისქალაქობა

2 მაისი, 2011 • 1012
ტრადიციული ქუთაისქალაქობა

დღეს ტრადიციული ქუთაისქალაქობის დღესასწაული აღინიშნება. სხვადასხვა ტიპის გასართობი და საზეიმო ღონისძიებები ქალაქში დღეს დილიდან იმართება.

ამ წუთებში ქალაქში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ელიან, რომელიც დღეს ქუთაისში ახალი პროექტის დაწყების თაობაზე გამოაცხადებს.

ახალი პროექტი ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. როგორც ქუთაისის თვითმმართველობაში აცხადებენ, დაგეგმილია თეატრის გარე იერსახის, ინტერიერის, სცენის, განათების, ხმის აპარატურის, სავენტილაციო სისტემის სრული განახლება. მესხიშვილის თეატრი რემონტზე დღეიდან გადის და სარემონტო სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. სარემონტო სამუშაოებს ნაწილობრივ «ვითიბი ბანკი», ნაწილოებრივ კი ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს.

დღესვე ქუთაისში კიდევ ერთი ახალი პროექტის დაწყების შესახებ გამოაცხადებენ: ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მართვის ტერიტორიული ორგანოების ახალი, გამჭვირვალე შენობების მშენებლობა დაიწყება. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, წლის ბოლოსთვის ახალი ოფისები მართვის 8 ტერიტორიული ორგანოსთვის მოეწყობა.

ქუთაისქალაქობის აღნიშვნა დღეს, დილის 10 საათიდან, დაიწყო: ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში ზარების ერთდროულად რეკვა განხორციელდა, ბაგრატის ტაძარში კი ჩოხოსანთა კურთხევა შედგა.

ამის შემდეგ გასართობმა, სპორტულმა და კულტურულმა ღონისძიებებმა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში და მუხნარის ტყე–პარკში გადაინაცვლა.

ამჟამად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობის თეატრი სახალხო კარნავალს მართავს. დღესვე დაგეგმილია ქუთაისელი მხატვრების საგაზაფხულო გამოფენა გალერეა «ვარლაში», ხოლო დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით – ,,ნაცნობი უცნობი ქუთაისელები”.

18:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ვერტფრენიდან ცნობილი ქუთაისელი პოეტების ლექსების ფოტოასლები გადმოიყრება.

დღესვე, საზეიმო ღონიძიებების ბოლოს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გალა–კონცერტი გაიმართება, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.

ქუთაისქალაქობის აღნიშვნის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა: ქუთაისელი ბანოვანები გვირილებს ყიდდნენ და შემოსულ თანხას ქველმოქმედებისთვის ხარჯავდნენ.

ქუთაისქალაქობის დღესასწაულს დღეს 10 ქვეყნის ელჩი და 18 ქვეყნის დელეგაცია ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი