ახალი ამბები

ტერორისტი, რომელმაც შეძრა მსოფლიო

2 მაისი, 2011 • • 2000
ტერორისტი, რომელმაც შეძრა მსოფლიო

ოსამა ბინ ლადენი მდიდარი არაბული ოჯახის წევრი იყო. იგი საუდის არაბეთში დაიბადა, იქ მიიღო განათლება, თუმცა 1990-ანი წლების დასაწყისში ტერორისტებთან კავშირის გამო ოჯახიდანაც მოკვეთეს და საუდის არაბეთის მოქალაქეობაც დაკარგა.

ოსამა ბინ ლადენის დაბადებიდან მალევე მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედა ხელმეორედ გათხოვდა, ოსამა კი მთელი ბავშვობა სამ ნახევრძმასა და ერთ ნახევარდასთან ცხოვრობდა.

განსხვავებული ცნობები ვრცელდება მის მიერ მიღებული განათლების შესახებ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 1970-ან წლებში საუდის არაბეთში „მეფე აბდულ აზიზის უნივერსიტეტში“ ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, სხვა ვერსიით კი – სამოქალაქო ინჟინერიას. იგივე წყაროების ინფორმაციით კი, მას არც ერთი სპეციალობა ბოლომდე არასდროს  უსწავლია და უნივერსიტეტს ყოველთვის დროზე ადრე ტოვებდა.

ოსამა ბინ ლადენი სტუდენტობისას რელიგიით დაინტერესდა. ის ვაჰაბისტი მუსლიმი იყო.

ვაჰაბიზმი სუნიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც მე-18 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ვაჰაბიზმის მიმდევრები, ისლამის გარდა, არც ერთ რელიგიას არ აღიარებენ, ცხოვრობენ ძველი ისლამური წესებით, ასევე, უარყოფენ ყველა წმინდა ადგილსა და წმინდანს, ყველა კანონსა და რელიგიას, ისლამისა და შარიათის კანონების გარდა.

სწავლის დამთავრების შემდეგ, 1979 წელს ბინ ლადენი ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი მოჯაჰედობა.

ოსამა ბინ ლადენმა 1988 წელს ჩამოაყალიბა ისლამური ჯიჰადის დაჯგუფება „ალ ქაიდა“. საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შემდეგ საუდის არაბეთში დაბრუნდა, როგორც ჯიჰადის გმირი, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა.

ოსამა ბინ ლადენს პრობლემები საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან მალევე შეექმნა. 1990 წლის 2 აგვისტოს ქუევეითმა ომი გამოუცხადა ერაყს, რამაც საფრთხე შეუქმნა საუდის არაბეთის ნავთობის საბადოებს, რადგან ბრძოლები საბადოებთან ძალიან ახლოს მიმდინარეობდა. სწორედ ამ დროს, საუდის არაბეთის თხოვნით, ომში აშშ ჩაერთო. ოსამა ბინ ლადენი ცდილობდა, საუდის არაბეთის მეფე დაერწმუნებინა, რომ არაისლამური ჯარებისთვის დახმარება არ ეთხოვა და მხოლოდ ისლამის მიმდევარი ჯიჰადისტების იმედზე ყოფილიყო. ხელისუფლებამ მისი ეს მოსაზრება არ გაიზიარა. ამ ფაქტს ბინ ლადენის უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, ის საჯაროდ აკრიტიკებდა საუდის არაბეთის ხელისუფლებას აშშ-სთან თანამშრომლობის გამო.

1990-ანი წლების დასაწყისში FBI-მ აშშ-ში რეიდისას „ალ ქაიდასთან“ დაკავშირებული პირის სახლის ჩხრეკისას ტერორისტული გეგმები აღმოაჩინა. ამის შემდეგ, 1992 წელს ოსამა ბინ ლადენი საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა. „ალ ქაიდას“ ლიდერი საუდის არაბეთიდან სუდანში გაიქცა, სადაც ეგვიპტური ისლამის ჯიჰადისტებს დაუკავშირდა და მოჯაჰედების საწვრთნელი ბაზა ჩამოაყალიბა. საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და აშშ-ს ზეწოლის შედეგად სუდანის ხელისუფლებამ ოსამა ბინ ლადენი 1996 წელს ქვეყნიდან გააძევა. იგი იძულებული გახდა, ავღანეთში დაბრუნებულიყო.

„ალ ქაიდა“ ფინანსებს ავღანეთში სხვადასხვა წყაროებიდან იღებდა, მათ შორის პაკისტანიდან. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ავღანეთში ათეულობით საწვრთნელი ბაზა გახსნა, სადაც ჯიჰადისტები იზრდებოდნენ და იწვრთნებოდნენ.

1998 წელს „ალ ქაიდამ“ გამოაცხადა ჯიჰადი – საღვთო ომი ებრაელებისა და „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ. ორგანიზაციამ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ტერორისტული აქტების სერია სხვადასხვა ქვეყანაში.

აშშ-მ ოსამა ბინ ლადენი მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტთა ათეულში ჯერ კიდევ 1998 წელს შეიყვანა. მაშინ ბინ ლადენმა აფრიკის კონტინენტზე სხვადასხვა სახელმწიფოებში აშშ-ს საელჩოების აფეთქებებში მიიღო მონაწილეობა, რასაც ასეულობით ადამიანის სოცოცხლე ემსხვერპლა.

„ალ ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოაწყო. კამიკაძე ტერორისტებმა ამ დღეს 4 სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცეს. მათგან ორი დაეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 2 ცათამბჯენს ნიუ იორკში, ერთი დაეჯახა პენტაგონის შენობას, ერთი კი თავად თვითმფრინავის მგზავრების მცდელობის შედეგად იმ დროს ჩამოვარდა, როცა ტერორისტებს ავიალაინერის დაჯახება თეთრი სახლისთვის უნდოდათ.

11 სექტემბრის შემდეგ კი ოსამა ბინ ლადენი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად და აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ გადაიქცა. მისი ლიკვიდაცია აშშ-მ ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო.

 

ამავე თემაზე:

ობამა: ბინ ლადენი ლიკვიდირებულია

მასალების გადაბეჭდვის წესი