ახალი ამბები

სამოქალაქო აქცია: „შეხვედრის ადგილი – ბულვარი“

2 მაისი, 2011 • 965
სამოქალაქო აქცია: „შეხვედრის ადგილი – ბულვარი“

დღეს, 18:00 საათზე, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან სამოქალაქო აქცია გაიმართება, სახელწოდებით – „შეხვედრის ადგილი – ბულვარი“.

სამოქალაქო აქციის მიზანია ბათუმის ბულვარის ისტორიულ ნაწილში დაგეგმილი მშენებლობის შეჩერება, რომელიც კულტურული ძეგლის განადგურებას გამოიწვევს.

ბათუმის ბულვარი, რომლის განაშენიანება 130 წლის წინათ დაიწყო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში წიწვოვანი მცენარეებითა და მაგნოლიებით გაშენებული 4 506 კვადრატული მეტრი მიწა საქართველოს მთავრობამ გააჩუქა. ამ ადგილას 175– მეტრიანი შენობის აგება იგეგმება.

«გარდა იმისა, რომ მშენებლობა აშკარა კანონდარღვევების ფონზე დაიწყო, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან მდგომი ცათამბჯენი მთლიანად შეუცვლის იერსახეს ბათუმის ბულვარს და ბათუმელებისა და ქალაქში ჩამოსული ტურისტების დასვენებისა და შეხვედრის საყვარელ ადგილს ერთი შენობის ეზოდ აქცევს.

მხარს ვუჭერთ და მივესალმებით ბათუმში თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციების გამოჩენასა და განვითარებას, ბათუმელების დასაქმებას, ტურიზმის განვითარებას, მაგრამ არა ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ბათუმის ბულვარის განადგურების ხარჯზე, ვფიქრობთ, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის და მეტიც, ტურიზმის განვითარებას, შესაბამისად, დასაქმებას და ეკონომიკურ პროგრესს მნიშვნელოვნად განაპირობებს ძველი ბათუმის და მისი ორგანული ნაწილის, ბულვარის, მაღალი კულტურული, ეკოლოგიური და ესთეტიკური ღირებულება,» – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

დღევანდელ აქციაზე გაიმართება იმპროვიზებული ფოტოგამოფენა, სადაც მოქალაქეებს ბულვარში გადაღებული ფოტოებით ეპატიჟებიან, იმის დამადასტურებლად, რომ ბულვარს ბათუმელების ცხოვრებაში ყოველთვისდიდი ადგილი ეჭირა.

გამოფენის შემდეგ კი, 20:00 საათზე, გაიმართება ოთარ იოსელიანის ფილმის „აპრილი“, ღია კინოჩვენება.

«სამოქალაქო აქცია – „შეხვედრის ადგილი – ბულვარი“, არ იქნება ერთჯერადი, სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებით ბათუმელები შევახსენებთ ხელისუფლებას, რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის ბულვარის შენარჩუნება. გვჯერა, რომ სამოქალაქო აქტიურობის შედეგად ამის მიღწევა შესაძლებელია. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, 2004 წელს სამოქალაქო აქტიურობის შედეგად შეიზღუდა მრავალსართულიანი შენობების აგება. მოქალაქეებმა შეძლეს დაეცვათ საკუთარი ქალაქის არქიტექტურული სახე» – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები ბათუმის მოსახლეობის სახელით.

 

ამავე თემაზე:

განადგურებული ფლორა ბათუმის გაჩუქებულ ბულვარში


მასალების გადაბეჭდვის წესი