ახალი ამბები

ობამა: ბინ ლადენი ლიკვიდირებულია

2 მაისი, 2011 • • 2655
ობამა: ბინ ლადენი ლიკვიდირებულია

ოსამა ბინ ლადენი პაკისტანის დედაქალაქის – ისლამაბადის გარეუბანში იქნა მოკლული, სადაც იგი ბოლო დროს ცხოვრობდა. აღნიშნულ უბანი ისლამაბადის ერთ–ერთ ელიტურ დასახლებად ითვლება, სადაც პაკისტანის სპეცსამსახურების პენსიონერები ცხოვრობენ.

«ალ ქაიდას» ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაადასტურა.

«თავის დროზე ბინ ლადენის დაკავება ვერ მოხერხდა და  პაკისტანში გაიქცა. მე მივეცი ბრძანება FBI–ის დირექტორს, რომ მისი დაკავება ყოფილიყო მთავარი ამოცანა,» – განაცხადა ობამამ.

«ერთი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ შეტყობინება ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ პაკისტანში. ერთი დღის წინ ჩავთვალე, რომ საკმარისი ინფორმაცია გვქონდა სპეცოპერაციის ჩასატარებლად, რომელიც განხორციელდა ამერიკელების მცირე ჯგუფის მიერ. ბინ ლადენი ორმხრივი სროლების შედეგად იქნა მოკლული. ამერიკელებიდან არავინ დაშავებულა,» – განაცხადა აშშ–ს პრეზიდენტმა.

« როგორც თავის დროზე პრეზიდენტმა ბუშმა, ჩვენც თავიდანვე ნათლად ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ქმედებები რეგიონში არ ნიშნავდა ომს ისლამის წინააღმდეგ,» – ხაზგასმით აღნიშნა აშშ–ს პრეზიდენტმა.

«დღევანდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ამერიკელებს შეუძლიათ ნებისმიერი ამოცანის შესრულება, რასაც მიზნად დაისახავენ,» – განაცხადა ობამამ.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა პაკისტანის ხელისუფლებას ბინ ლადენის ლიკვიდაციაში გაწეული დახმარებისთვის.

«სამართალი აღსრულდა,» – აღნიშნა აშშ–ს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, პაკისტანელი თალიბები ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ამ ინფორმაციას პაკისტანის ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.

ისლამური ინტერნეტ–ფორუმების მომხმარებლები კი ბინ ლადენის მკვლელობის გამო შურისძიების შესახებ წერენ:

– «ალაჰმა დაგწყევლოს, ობამა!»

– «ო, ამერიკელებო, ჩვენ კვლავაც გვრჩება უფლება, თავები დაგაჭრათ!» – ინტერნეტ–ფორუმებზე ამ შინაარსის წერილები ვრცელდება.

მედიის ინფორმაციით, ოსამა ბინ ლადენის ცხედარი ამჟამად ამერიკელი სპეცსამსახურების ხელშია.

თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ათასობით ადამიანი შეიკრიბა და საზეიმო შეძახილებით აღინიშნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ორგანიზატორის უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი