ახალი ამბები

ქართული სასამართლო – საფრთხე უცხოელი ინვესტორებისათვის

29 აპრილი, 2011 • • 1039
ქართული სასამართლო – საფრთხე უცხოელი ინვესტორებისათვის

საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის საბჭოს წევრ ტედ ჯონანს მიაჩნია, რომ ქართული მართლმსაჯულების პრობლემები აშშ-ს სავაჭრო პალატას საქართველოში  ახალი ინვესტიციების მოზიდვაში უშლის ხელს. ამის შესახებ ტედ ჯონანსმა გუშინ, „თბილისი მერიოტში“,  „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ დამფუძნებელ შეხვედრაზე განაცხადა.

ტედ ჯონანსმა გაიხსენა ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ქართული მართლმსაჯულების სისტემის პრობელემების შესახებ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები. მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და მედიაჰოლდინგ „ტომსოსნ როიტერსის“ ერთ-ერთ ონლაინ გამოცემაში, TrustLaw-ში გამოქვეყნებული სტატია, სადაც საუბარია ქართული სასამართლოს მიერ  სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენის დაბალ მაჩვენებელზე.

„ჩვენ, ამერიკის სავაჭრო პალატას, გაგვიჭირდება საქართველოში მოვიზიდოთ საერთაშორისო ინვესტიციები მაშინ, როდესაც საერთაშორისო მედიაში ამგვარი განცხადებები და სტატიები ვრცელდება. ჩვენი წევრები ხშირად ახსენებენ ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ მსგავს პრობლემებს,“ – განაცხადა ტედ ჯონანსმა „თბილისი მერიოტში“ სიტყვით გამოსვლისას.

ბრიტანულ გამოცემა TrustLaw-ში სტატია ქართული მართლმსაჯულების სისტემაზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

გამოცემა წერს, რომ გასულ თვეში ისრაელის მოქალაქე ორი ბიზნესმენის სადაო გასამართლებამ ქართული მართლმსაჯულება მსოპფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია. ბიზნესმენები საქართველოს ფინანსთა მინსიტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით გაასამართლეს.

„მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა გაიზარდა, მონაცემები აჩვენებს, რომ სასმაართლო პროცესზე განსასჯელს გამართლების ნაკლები შანსი აქვს,“-წერია TrustLaw-ს სტატიაში. იქვე არის ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიტიკოსის, მარიამ გაბედავას კომენტარი, სადაც გაბედავა ამბობს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქართულმა სასამართლო სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენი საქმეების მხოლოდ 0,04%-ზე გამოიტანა.

„2009 წელს ეს მაჩვენებელი 0.1% იყო და იმ დროს ვამბობდით, რომ ეს იყო კატასტროფული მაჩვენებელი. ერთი წლის შემდეგ კი მდგომარეობა გაუარესდა,“ -ამბობს TrustLaw-სთან საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ნალიტიკოსი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა წერს, რომ 2010 წელს ქართულმა სასამართლომ 20,196 სისხლის სამართლის სამქე განიხილა და აქედან მხოლოდ 8 საქმეზე გამოიტანა გამაართლებელი განაჩენი, საქმეების 98.7%-ზე კი ბრალდებულები დამნაშავედ სცნო და შესაბამისი სასჯელიც დააკისრა.

TrustLaw ქართული მართლმსაჯულების სისტემის პრობლემებზე დაწერილ სტატიაში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საქართველოში ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის გასამართლების ამბავს. გამოცემა წერს, რომ სანამ ბიზნესმენებს საქართველოში გაასამართლებდნენ მანამდე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს ბიზნესმენების სასარგებლოდ 100$ მილიონის გადახდა დააკისრა. სტატიის ავტორს აქვე მოჰყავს ბიზნესმენების დამცველი იურისტების პოზიცია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ ბიზნესმენებს მახე დაუგო, რათა საქართველოს მათთვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებული მილიონები არ გადაეხადა.იქვე აღნიშნულია, რომ ბზინესმენებს საქართველოში არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება.

2011 წლის 28 მატრს თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ქრთამის შეთავაზებაში ბრალდებულმა ბიზნესმენმა რონი ფუქსმა განაცხადა: „თუ მე მცნობენ დამნაშავედ, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო დაზარალდება. ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ჩემი ქვეყნის ჩათვლით, ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს. თუ ეს სასამართლო მე დამნაშავედ მცნობს იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელიც საქართველოს აგენტების მიერ იყო პროვოცირებული, მაშინ ვერც ერთი ინვესტორი ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოში ფულის ან ინვესტიციების ჩადებაზე .

აღნიშნული ფაქტისა და სტატიების გახსენების შემდეგ საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის საბჭოს წევრმა ტედ ჯონანს „თბილისი მერიოტში“,  „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ დამფუძნებელ შეხვედრაზე განაცხადა: „ამიტომაც ჩვენ დღეს აქ ვართ და ჩვენს ინტერესებში შედის ამ პროგრამის განხორციელება და საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება, ეს არის ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მთავრობა როგორც ფინასურად, ისე – პოლიტიკურადაც. “

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ დამფუძნებელი შეხვედრა „თბილისი მერიოტში“ გუშინ, 29 აპრილს გაიმართა. ქართული მართლმსაჯულების გაუმჯებესებისათვის მიმართულ ოთხწლიან პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ახორციელებს. პროექტში სულ 27 ორგანიზაციაა ჩართული. გუშინ გამართულ პრეზენტაციაზე ოცდაშვიდივე ორგანიზაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ახლადჩამოყალიბებული კოალიცია მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და მთავრობის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის. ღონისძიება ჩატარდა პროექტის -„სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის“- ფარგლებში, რომელსაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი USAID-ის დაფინასებითა და EWMI-ის (Eeast West Management Institute) შუამავლობით ახორციელებს. პროექტის მიზანია პროფესიული იურიდიული ასოციაციების, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს და პროფესიული ასოციაციებისა და მედიის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგი და დამოუკიდებელი სასამართლოს ადვოკატირება.

კოალიციაში გაერთიანებულმა ორგანიზაციებმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, რომ მათი კოალიციაში გაწევრიანების მიზანია, რომ ერთად გააკეთონ ის საქმე, რასაც ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.

პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდება. ერთ-ერთი იქნება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიღწევა სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით. მეორე ნაწილი იქნება მოსამართლეების და იურისტების კვალიფიკაციის ამაღლება, რის შემდეგაც მათ თვითონ უნდა გაუჩნდეთ უფრო დამოუკიდებლად მუშაობის სურვილი. მესამე იქნება იუსტიციის სამინსიტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან მაღალ დონეზე მუშაობა.

კოალიციაში 27 ორგანიზაცია გაწევრიანდა, მათ შორის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „მრავალეროვანი საქართველო,“  ჟურნალი „ლიბერალი“, რადიო „მწვანე ტალღა“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი