ახალი ამბები

აშშ-ს დელეგაცია ოპოზიციურ პარტიებს ხვდება

27 აპრილი, 2011 • 885
აშშ-ს  დელეგაცია ოპოზიციურ პარტიებს ხვდება

ამერიკული დელეგაცია  ზოგიერთი ოპოზიციური  პოლიტიკური პარტიის ლიდერს ხვდება. შეხვედრა ამერიკის საელჩოში  აშშ-საქართველოს ქარტიისა და დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კეტლინ ფიცპატრიკი.

შეხვედრას ოპოზიციური პარტიებიდან ესწრებიან: ირაკლი ალასანია, გიორგი  თარგმაძე, კახა შარტავა, დავით გამყრელიძე და დავით  უსუფაშვილი. სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შეხვედრაში ირებენ მონაწილეობას, საქართველოში აშშ–ს საელჩომ შეარჩია.

ამერიკული დელეგაცია მანამდე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

დღეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი განიხილავს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისას მიღწეული პროგრესს და თანამშრომლობის საკითხებს, აგრეთვე, ორივე მხარისათვის აქტუალური თემებს.

საქართველოს დელეგაციის თანათავმჯდომარეები  არიან  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი.

პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ  ამერიკული დელეგაცია საელჩოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლის შემდეგაც სამუშაო ჯგუფი შეხვედრას კანცელარიაში გამართავს.  4 საათზე კი პრესკონფერენცია გაიმართება.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია 2009 წლის იანვარში ვაშინგტონში გაფორმდა. 2009 წლის ივნისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიამ ქარტიით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით სამუშაო ჯგუფები შექმნა და პირველი შეხვედრა ვაშინგტონში გამართა.

დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ხალხთა შორის ურთიერთობების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფები რეგულარულად იკრიბებიან, იხილავენ მიმდინარე პროცესებსა და ადგენენ სამომავლო გეგმებს. დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრა 2010 წლის 17 ნოემბერს ვაშინგტონში გაიმართა. ამერიკულ დელეგაციას თინა ქეიდენაუ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი ხელმძღვანელობდნენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი