ახალი ამბები

საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ახალ ჯგუფი ჩამოდის

27 აპრილი, 2011 • 1114
საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ახალ ჯგუფი ჩამოდის

აშშ–ს  საელჩოს ცნობით, დღეს საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ახალი ჯგუფი ჩამოვა,  რომელიც მოღვაწეობას ივლისიდან შეუდგება.

ივლისისთვის საქართველოში მყოფი მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა რიცხვი 73-ს მიაღწევს.

მშვიდობის კორპუსი საქართველოში 2001 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ საქართველოში  375-მა მოხალისემ იმსახურა. დღეს  საქართველოში მოხალისეთა მეთერთმეტე ჯგუფი ჩამოვა. მის შემადგენლობაში იქნებიან – ინგლისური ენის 30 მასწავლებელი და 15 ბიზნეს-კონსულტანტი.

საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მუშაობის დაწყებამდე მოხალისეები გაივლიან ათკვირიან მოსამზადებელ კურსს ქართულ ენასა და კულტურაში, აგრეთვე, ტრენინგებს ტექნიკურ, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. მშვიდობის კორპუსის მოხალისეები საქართველოში ყოფნისას ქართულ ოჯახებში იცხოვრებენ.

ორი წლის განმავლობაში მოხალისეები აჭარის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის საშუალო სკოლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში იმუშავებენ. ისინი ქართველ მასწავლებლებსა და ადგილობრივ თემებს დაეხმარებიან.

მშვიდობის კორპუსი საქართველოში ქვეყნის მთავრობის თხოვნით მუშაობს და კვალიფიციური ადამიანური რესურსების საშუალებით ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ წინსვლას, აგრეთვე, საქართველოსა და აშშ–ს ურთიერთობების გაღრმავებას.

მშვიდობის კორპუსი 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივით დაარსდა. მოხალისეები სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან და ამერიკის მრავალფეროვნებას განასახიერებენ. 2011 წელს მშვიდობის კორპუსს 50 წელიწადი უსრულდება. ის ერთგულად აგრძელებს ხალხებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის განმტკიცებას.

1961 წლიდან დღემდე მშვიდობის კორპუსის 200,000-მა მოხალისემ 139 ქვეყანაში იმსახურა. დღეს მშვიდობის კორპუსის 8,655 მოხალისე ევროპის, აფრიკის, აზიის, კარიბის ზღვის აუზის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის 77 ქვეყანაში მსახურობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი