ახალი ამბები

ევროსასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

26 აპრილი, 2011 • 1042
ევროსასამართლომ  გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

ევროსასამართლომ საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს არ მოქმედებდნენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები. ისინი მკვლელობის ჩადენის დროს თავიანთი კერძო ინტერესით ხელმძღვანელობდნენ.

ევროპის სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. საქართველოს მთავრობამ მტკიცებულებათა ნაწილი დაგვიანებით წარმოადგინა, ნაწილი კი გაყალბებული იყო. სასამართლოს გადაწყვეტიელბით, სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით პრეტენზიები სრულად ასახავდა იმ პრეტენზიებს, რაც სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ  მან სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე ცალკე არ იმსჯელა.

გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებას აშკარად აკლდა სათანადო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა.

ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს გურამ გირგვლიანის სასარგებლოდ 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ევროპის ადმაიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი ირინა ენუქიძისა და გურამ გირგვლიანის სახელით შევიდა. მათ ინტერესებს ადვოკატები – შალვა შავგულიძე და დავით ჯანდიერი იცავდნენ, საქართველოს ინტერესებს კი ლევან მესხორაძე წარმოადგენდა.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ამ საქმეში დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).

საქმის მოსმენამდე ერთ–ერთი მოსარჩელე, 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე გარდაიცვალა, რის თაობაზეც გურამ გირგვლიანმა სტრასბურგის სასამართლოს 2008 წელს აცნობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი