ახალი ამბები

გაფიცული მაღაროელების მხარდამჭერი აქცია თბილისში [Video]

26 თებერვალი, 2016 • 1166
გაფიცული მაღაროელების მხარდამჭერი აქცია თბილისში [Video]

“თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა!“- ამ ლოზუნგით გაფიცული ტყიბულელი მაღაროელების მხარდასაჭერად თბილისში დღეს, 26 თებერვალს აქცია გაიმართა.

აქცია დელისის მეტროსთან დაიწყო, შემდეგ  კი მონაწილეებმა კომპანია “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისკენ” [ჰოლდინგის შემადგენლობაშია “საქნახშირი”] მსვლელობა მოაწყვეს. მათ თანამშრომლებს რუპორების მეშვეობით მიმართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, თანამშრომლებთან პრობლემა არ აქვთ, თუმცა ისინი “სამარცხვინო დაწესებულებაში მუშაობენ, რომელიც მოგებას პოულობს სხვისი განადგურების, სხვისი სიკვდილის, სხვისი გაძარცვის და სხვისი უბედურების ხარჯზე”.

აქციის ორგანიზატორებმა ასევე განაცხადეს, რომ თბილისში მიმდინარე აქციის დროს ტყიბულის მაღაროს ადგილობრივმა ადმინისტრაციამ მაღაროელებს შესთავაზა ხელფასის 5%-ით გაზრდა, თუმცა აქციის ორგანიზატორების თქმით, მუშები შემოთავაზებას არ დათანხმდნენ.

პარალელურად იკრიბებოდა ფული, რომელიც გადაეცემა ტყიბულელ მაღაროელებს, რათა მათ საჭიროებისამებრ გამოიყენონ. აქციას დაახლოებით 200 ადამიანამდე ესწრებოდა. მონაწილეების თქმით, საჭიროა, რომ მთელი საქართველო შეუერთდეს ამ აქციას, რადგან ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ტყიბულის პრობლემა.

„ახლა კონკრეტულად ტყიბულელების პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომლებსაც მართლაც არაადამიანურ პირობებში უხდებათ მუშაობა, მაგრამ ეს საკითხი უნდა განვაზოგადოთ. საქართველოში არ არის შრომის ინსპექცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შეძლებს დაარეგულიროს შრომითი უფლებები და არ არის დაცული მშრომელთა უფლებები. შრომის უფლება არის ისეთივე ძირითადი უფლება, როგორიც გამოხატვის, შეკრებებისა და გაფიცვის თავისუფლება,“ – ამბობს აქციის მონაწილე, სანდრო ტაბატაძე.

აქციის ბოლოს მონაწილეები და ორგანიზატორები ისევ დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდნენ, და სიმბოლურად შეუერთდნენ ტყიბულის აქციას.

ტყიბულელი მაღაროელები 13 თებერვალს გაიფიცნენ. სხვა მოთხოვნებთან ერთად მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 40%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

გაფიცულ მუშებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგე რობიზონ გვენეტაძე, ტყიბულის მოსახლეობის ნაწილი და სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებები უჭერენ მხარს.

აქცია ტყიბულში მაღაროელთა სოლიდარობის გამოსახატად; ფოტო: ნეტგაზეთი

აქცია ტყიბულში მაღაროელთა სოლიდარობის გამოსახატად; ფოტო: ნეტგაზეთი

აქცია ტყიბულში მაღაროელთა სოლიდარობის გამოსახატად; ფოტო: ნეტგაზეთი

აქცია ტყიბულში მაღაროელთა სოლიდარობის გამოსახატად; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი