ახალი ამბები

25 წელი ჩერნობილის ტრაგედიიდან

26 აპრილი, 2011 • • 3471
25 წელი ჩერნობილის ტრაგედიიდან

დღეს ჩერნობილის ტრაგედიიდან 26 წელიწადი  შესრულდა. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, რეაქტორზე მომუშავე 2 სპეციალისტი ადგილზევე დაიღუპა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ათასობით ადამიანმა კი რადიაციციული დასხივება სასიკვდილო დოზით მიიღო. რეაქტორის გარშემო 30 –კილომენტრიანი პერიმეტრი კატასტროფის ზონად გამოცხადდა, მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქ პრიპიატიდან 200 ათასზე მეტი ადამიანი სასწრაფო ევაკუაციის წესით გაიყვანეს. რადიაციული ღრუბელი გავრცელდა ევროპის ქვეყნებშიც, რადიაციული ფონის მომატება შეინიშნებოდა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლება თავდაპირველად საგულდაგულოდ მალავდა აფეთქების ფაქტს, მაგრამ როცა სიტუაცია უკონტროლო გახდა, იძულებული იყვნენ განგაში აეტეხათ.  ავარიის ლიკვიდაციაზე მომუშავე სპეციალისტებმა ატომური ელექტროსადგურიდან საწვავის მხოლოდ 3% გაიტანეს უსაფრთხო ადილზე, 200 ტონაზე მეტი პლუტონიუმი და ურანი კი ისევ ჩერნობილშია. სსრკ-ს ხელისუფლებამ რეაქტორის გარშემო რკინაბეტონის სარკოფაგი ააშენა, რომლის გამძლეობაც 20-30 წელიწადზეა გათვლილი, თუმცა სხვადასხვა წყაროები უკვე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სარკოფაგი ალაგ-ალაგ დაზიანებულია და სასწრაფო შეკეთებას, ან ახალი სარკოფაგის აშენება საჭიროებს.

სარკოფაგის შიგნით ტემპერატურია 200 გრადუსს აჭარბებს. სპეციალისტების თქმით, სარკოფაგში დაგროვილი ბირთვული საწვავი ხელახალი გაჟონვის შემთხვევაში 1986 წელს მომხდარ კატასტროფაზე არანაკლებ ტრაგედიას გამოიწვევს. ჩერნობილში არსებული ბირთვული ნარჩენები რადიოაქტიურობას ათასობით წლის მანძილზე შეინარჩუნებს, შესაბამისად, იქ ცხოვრება გამორიცხულია, გარდა ამისა, აუცილებელი იქნება 100 წელიწადში ერთხელ ახალი სარკოფაგის მშენებლობა.

სსრკ-ს ხელისუფლება ტრაგედიის შემდეგ აცხადებდა, რომ კატასტროფა რეაქტორზე მომუშავე ადამიანების შეცდომის შედეგი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა კომისიამ ჩერნობილის კატასტროსიფ გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ატომური ელექტროსადგურის ტექნიკური გაუმართაობა და კონსტრუქციაშჳ დაშვებული შეცდომები დაასახელა.

ატომური აფეთქების შედეგად უკრაინაში და მეზობელ სახელმწიფოებში მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობა, ასევე ხშირი იყო ანომალიები ახალშობილებში.

მიუხედავად მაღალი რადიაციული ფონისა, ჩერნობილის მოსანახულებლად უკრაინაში ყოველ წელს ათასობით ტურისტი ჩადის. მკვდარი ქალაქის რამდენიმე საათით მონახულება 160 დოლარი ღირს. იქ უფრო მეტი ხნით გაჩერება აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი