ახალი ამბები

96–ე წელი სომეხთა ტრაგედიიდან

24 აპრილი, 2011 • 1434
96–ე წელი სომეხთა ტრაგედიიდან

სომეხთა სათვისტომომ საქართველოში თურქეთის საელჩოსთან გენოციდის აღიარების მოთხოვნით მშვიდობიანი აქცია გამართა. მანამდე სათვისტომომ,  უკვე მეორედ, მიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს, ემსჯელათ სომეხთა გენოციდის საკითხზე.

თბილისში, თურქეთი საელჩოსთან, სომეხთა სათვისტომოს აქციები 24 აპრილს უკვე ტრადიციად იქცა – ამ დღეს  სათვისტომო და სომეხ სტუდენტთა კავშირი მშვიდობიანი პროტესტით თურქეთს გენოციდის აღიარებას ითხოვს.

96 წელი გავიდა სომეხთა მასობრივი მკვლელობების შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში. გენოციდი რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის, საფრანგეთმა და ბელგიამ. დღემდე არ უღიარებია შეერთებულ შტატებს. დღეს  აშშ–ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც 1915 წელს მილიონნახევარი სომხური წარმოშობის ადამიანის მკვლელობას „მე-20 საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე საზარელი სისასტიკე“ უწოდა. თუმცა ზედიზედ  მესამე წელია, რაც ობამა ამ ტრაგიკული ფაქტთან დაკავშირებით გაურბის ტერმინ გენოციდის გამოყენებას, მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებისა, რომ გამოიყენებდა ამ ტერმინს.  დღეს  სომეხთა სათვისტომომ ამერიკაში ობამა ამის გამო უკვე გააკრიტიკა. იმის მიუხედავად, რომ ობამას არ გამოუყენებია სიტყვა „გენოციდი“, განცხადებამ თურქეთიც გააღიზიანა – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ განცხადებას ცალმხრივი უწოდა.

წელს სომეხთა სათვისტომომ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს სთხოვა, 24 აპრილამდე ემსჯელათ სომეხთა გენოციდის საკითხზე. წლევანდელ ტექსტში, შარშანდელისგან განსხვავებით, აღარ იყო გენოციდის აღიარების მოთხოვნა. საუბარი იყო მსჯელობაზე, თუმცა საქართველოს პარლამენტში ამ თემაზე არ უსაუბრიათ.

რა უშლის ხელს საქართველოს, რომ აღიაროს სომეხთა გენოციდი? – ეს კითხვა დაუსვეს რეგნუმის ცნობით საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას 19 აპირლს სომხეთში ვიზიტის დროს. ახალაიამ უპასუხა: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თქვენი ტკივილი ქართველი ხალხის გულთან ახლოსაა“, თუმცა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ამ საკითხის შესახებ ისაუბრეს.

შარშან, როცა სომეხთა სათვისტომომ საქართველოს გენოციდის აღიარების მოთხოვნით მიმართა, დეპუტატების კომენტარები საკმაოდ ფრთხილი იყო. მაგალითად, დავით დარჩიაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ვფიქრობ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო იხელმძღვანელებს თავისი კომპეტენციიდან, თავისი ფუნქციიდან, ისევე როგორც თავისი კეთილმეზობლური ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც სომხეთთან, ასევე თურქეთთან. მთავარია, გავითვალისწინოთ როგორც ორგანოს კომპეტენცია, ასევე კეთილმეზობლობა ორივე ქვეყანასთან“.

წელს სომეხთა სათვისტოს მიერ გენოციდის დღის აღნიშვნას წინ უსწრებდა თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ASALA–ს ხელახლა აღორძინების შესახებ. თურქეთში ერთ –ერთი გავლენიანი გამოცემის “ჰურიეთის” ცნობით, მუქარის წერილები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში თურქეთის საელჩოებმა მიიღეს, სავარაუდოდ, ASALA–ს  („სომხური საიდუმლო არმია სომეხთა განსათავისუფლებლად” )მიერ არის გაგზავნილი. სწორედ ამ საიდუმლო ორგანიზაციამ 1970-80-იან წლებში მოკლა თურქეთის  რამდენიმე ათეული დიპლომატი.

ინფორმაცია მუქარის წერილების შესახებ, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაზვერვის სამსახური ამუშავებენ, „ჰურიეთმა“ ანონიმურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით 21 აპრილს გაავრცელა.

გამოცემა იუწყება, რომ  მუქარის შემცველი წერილი თავდაპირველად საქართველოში თურქეთის საელჩომ მიიღო. დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის შემდეგ სომხეთთან ურთიერთობებს სწორედ ეს საელჩო უზრუნველყოფს. მოგვიანებით მუქარის შეტყობინება  სხვა საელჩოებსაც მიუვიდათ.

უქმე დღეების გამო ეს ინფორმაცია ნეტგაზეთმა თურქეთის საელჩოში ვერ გადაამოწმა, “ჰურიეთის” ცნობით კი, წერილში წერია, თუ სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანთან საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება და იგი ამ ომში აზერბაიჯანის მხარეს დაიკავებს, „მაშინ სია დასრულდება“.  “ჰურიეთის” მიხედვით, „სიის დასრულება“ მოკლული დიპლომატების სიაზე მიუთითებს.

“ჰურიეთი” ასევე ავრცელებს ცნობას, რომ თურქეთის საელჩოებმა მსოფლიო მასშტაბით მასპინძელ ქვეყნებს უსაფრთხოების გაძლიერება სთხოვეს.

გამოცემამ ასევე გამოაქვეყნა თურქეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის კომენტარიც, რომელმაც, „ჰურიეთის“ ცნობით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე გამოცემისგან ანონიმურობის დაცვა მოითხოვა:  „არსებობს ახალგაზრდების რადიკალიზაციის საფრთხე, განსაკუთებით დიასპორებში. მათმა იმედგაცრუებამ „სომეხთა გენოციდის“ მსოფლიოს მიერ აღიარების საქმეში შეიძლება ASALA-ს ხელახლა ამოქმედებას შეუწყოს ხელი“.

ASALA, სომხეთის საიდუმლო არმია სომხეთის გასათავისუფლებლად, დაარსდა 1975 წელს. სხვადასხვა ცნობით, იგი ყველაზე აქტიური იყო გასული საუკუნის 80–იან წლებში, როცა თურქეთის დიპლომატიურ კორპუსებზე ახორციელებდა თავდასხმებს. 90 –იანი წლების შემდეგ აღარ აქტიურობს.

თურქეთის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია და ანონიმურ წყაროზე  დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი