ახალი ამბები

„ღვთაებრივ ცეცხლს“ საქართველოში დღეს, ღამის პირველ საათზე ჩამოიტანენ

24 აპრილი, 2011 • 1034
„ღვთაებრივ ცეცხლს“ საქართველოში დღეს, ღამის პირველ საათზე ჩამოიტანენ

ქართველი მომლოცველები იერუსალიმიდან „ღვთაებრივ ცეცხლს“ საქართველოში ღამის პირველ საათზე ჩამოიტანენ.

„ღვთაებრივი ცეცხლის“ სანახავად დღეს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, ათასობით ქრისტიანული კონფესიების მომლოცველი შეიკრიბა.

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ერთ–ერთი მომლოცველი აღნიშნავს, იმ კართან, საიდანაც იერუსალიმის პატრიარქს ცეცხლი უნდა გამოეტანა, მომლოცველები ჯერ კიდევ დილაუთენია შეიკრიბნენ.

„მაშინ, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე აღდგომის ტაძარში შევიდა მაცხოვრის საფლავთან, კარი ჩაიკეტა. მანამდე პატრიარქი სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს, რომ დარწმუნებულიყვნენ, ცეცხლი ყველანაირი ძალისხმევის გარეშე თუ გადმოვიდოდა“, –ამბობს მომლოცველი საქართველოდან.

იქ მყოფთა თქმით, ცეცხლი პატრიარქის ლოცვის დროს გადმოვიდა.

ტრადიციისამებრ, ტაძარში აღნიშნული ცერემონიის დროს ყველა განათება და სანთელი ჩამქრალია.

მორწმუნეებს სჯერათ, რომ ცეცხლი ყოველ წელს, აღდგომამდე,  „სასწაულებრივად გადმოდის“ და თუ რომელიმე წელს არ გადმოვა, სამყაროს დასასრულია მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი