ახალი ამბები

4 წლით და 6 თვით პატიმრობა დედაზე მოძალადეს

26 თებერვალი, 2016 • 1195
4 წლით და 6 თვით პატიმრობა დედაზე მოძალადეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ამ სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ოჯახურ  დანაშაულში ბრალდებულს და მას სასჯელის ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ძიების ვერსიით, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით, სახისა და თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა დედას, რის შედეგადაც  ქალმა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა და სხვა დაზიანებები მიიღო.

როგორც სასამართლო განმარტავს, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობდა.  მან საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლოს განუცხადა, რომ ხსენებული დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩაიდინა, რაც გამოწვეული იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დედის არაადეკვატური ქცევით. სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ცხრა სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 16 და დაცვის 1 მოწმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი