ახალი ამბები

დედამიწის დღე თბილისში

22 აპრილი, 2011 • 1505
დედამიწის დღე თბილისში

დღეს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება.

“შეაჩერე კლიმატის ცვლილება, ითამაშე შენი როლი!”– ესაა მთავარი გზავნილი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციისა  CENN–ი,  რომელიც ფონდ ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” (PfRS), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში  „დედამიწის დღეს“ აღნიშნავს.

ღონისძიებების სერია ვარდების მოედანზე დაიწყება, სადაც წარმოდგენილი იქნება თბილისში არსებული სხვადასხვა საავტომობილო კომპანიების „მწვანე“ მანქანების გამოფენა. ამ აქციის მესიჯი საწვავის ეკონომიურობისა და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების ხელშეწყობაა.

სპეციალურად ამ დღისთვის საავტომობილო კომპანიების მხრიდან დაწესდება შეღავათიანი შემოთავაზებები „მწვანე“ მანქანებზე, რაც ორგანიზატორების ცნობით, მოსახლეობისთვის სტიმული იქნება, საწვავდამზოგავი, ეკოლოგიურად უფრო სუფთა და ეკონომიური ავტომობილები რომ  შეიძინოს.

გამოფენაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სპორტული მაღაზიები და ველოკლუბის წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ველოსიპედებს და საზოგადოებას აუხსნიან გადაადგილების ამ ფორმის უპირატესობებს.

დაგეგმილი ღონისძიებების მეორე ნაწილი კლიმატის ცვლილების გამოწვევებს დაეთმობა და ევროპის სახლში გაიმართება.

ღონისძიების ეს ნაწილი მიმართული იქნება ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებაზე, კლიმატის ცვლილების პრობლემასტიკასა და მასთან ადაპტაციის გზებზე.

დედამიწის დღის აღნიშვნა დასრულდება 19:00 საათზე ეკოლოგიური კონცეპტუალური გამოფენით – Arts for the Earth, რომელზეც წარმოდგენილი იქნება, ფერწერა, ინსტალაციები, ვიდეო  და ფოტო არტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი