ახალი ამბები

შსს არ ადასტურებს, რომ ტყიბულში მაღაროელთა საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

26 თებერვალი, 2016 • 1189
შსს არ ადასტურებს, რომ ტყიბულში მაღაროელთა საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტყიბულში გაფიცული მაღაროელების მიერ ადმინისტრაციის შენობის დაკავებისას ვინმეს თავისუფლება აღუკვეთეს. თუმცა აქციის მონაწილემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
აქციის მონაწილეებმა მაღაროს ადმინისტრაციის შენობა 25 თებერვალს, ღამით დაიკავეს. მათი განმარტებით, ეს მოხდა იმიტომ, რომ კომპანია დასაქმებულებს “უპასუხისმგებლოდ ექცევა” და “დასცინის”.
შსს–ს განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და “ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”.
“ტყიბულის რაიონული პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ შახტის ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, დააზიანეს შენობის ფანჯრები და ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე იმყოფებიან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები,”– აცხადებს უწყება.

უკვე მეთორმეტე დღეა, რაც ტყიბულში მაღაროელები გაფიცული არიან. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები არის ხელფასების გაზრდა 40%-მდე და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ასევე, დღეს ისინი უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯი” ტყიბულიდან უნდა გავიდეს და მოხდეს მაღაროს ნაციონალიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი