ახალი ამბები

აქციის მონაწილე: ტყიბულში გაფიცულმა მაღაროებლებმა ადმინისტრაციის შენობა დატოვეს

26 თებერვალი, 2016 • 1196
აქციის მონაწილე: ტყიბულში გაფიცულმა მაღაროებლებმა ადმინისტრაციის შენობა დატოვეს

ტყიბულში გაფიცულმა მაღაროებლებმა და საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. მაღაროს ადმინისტრაცია მათ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. ამის შესახებ ნეტგაზეთს ერთ–ერთმა გაფიცულმა, რუსლან ბუცხრიკიძემ განუცხადა.

მისი განცხადებით, შენობის დატოვების შესახებ მათ პოლიციამ მოუწოდა და ამ მოთხოვნას დაემორჩილნენ. მისივე თქმით, ამ დროისთვის [00:35] აქციის 200–მდე მონაწილე მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი და პროტესტს აგრძელებენ. აქციის მონაწილემ ნეტგაზეთთან განაცხადა, რომ უკან დახევას არ აპირებენ.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის პოლიცია მობილიზებულია როგორც ადმინისტრაციის შენობაში, ასევე, შენობის გარეთ.

რაც შეეხება დაკავებულებს, რუსლან ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ამ მომენტისთვის აქციის არც ერთი მონაწილე დაკავებული არ არის. დაახლოებით ერთ საათით ადრე ნეტგაზეთი ესაუბრა აქციის სხვა მონაწილეს, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებული იყო. შსს–ს დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

რუსლან ბუცხრიკიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კვლავ ხელფასების მომატებაა.

“თუ ამ შემთხვევაში “საქნახშირი ჯი-აი-ჯის” არ შეუძლია ამ მოთხივნის გაკეთება, ჩვენ მოვითხივთ, რომ ჩაერიონ სახელმწიფო ინსტიტუტები ამაში და დაარეგულირონ ის სიტუაცია, რაც არსებობს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის,”– ამბობს ის.

“ეს ხალხი უკვე საუბრობს იმაზე, რომ კომპანიამ დატოვოს ტყიბული და ამ შახტის ნაციონალიზაცია მოხდეს,”– განაცხადა ნეტგაზეთთან აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, გიორგი სოფრომაძემ.

აქციის მონაწილეებმა 25 თებერვალს, ღამით მაღაროს ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 12–დღიანი გაფიცვის შემდეგ კომპანიასთან მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

უკვე მეთორმეტე დღეა, რაც ტყიბულში მაღაროელები გაფიცული არიან. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები არის ხელფასების გაზრდა 40%-მდე და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ასევე, დღეს ისინი უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯი” ტყიბულიდან უნდა გავიდეს და მოხდეს მაღაროს ნაციონალიზაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი