ახალი ამბები

მერიის განცხადებით, 2016 წელს თბილისში 180 000 ხეს დარგავენ

25 თებერვალი, 2016 • 1650
მერიის განცხადებით, 2016 წელს თბილისში 180 000 ხეს დარგავენ

თბილისის მერიის განცხადებით, 2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. აქედან 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.

2016 წლის გაზაფხულზე დედაქალაქში დაგეგმილი გამწვანების ღონისძიებების გეგმის პროექტი 25 თებერვალს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა წარმოადგინა.

მერიის ცნობით, საგაზაფხულო რგვების გეგმის პროექტი გამწვანების სამსახურმა ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლებისა და სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით მოამზადა.

“ნინო სულხანიშვილის თქმით, საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, გეგმის მიხედვით, მასშტაბურად ჩატარდება. 80 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები მახათას მთის მიმდებარედ 15ჰა ფართობზე, ოქროყანაში – გამხმარი და დაავადებული ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, დიდ დიღომში და ქალაქის შიდა ტერიტორიაზე, პარკ-სკვერებსა და ცენტრალური ქუჩების გასწვრივ დაირგვება.

ნერგების შესაძენად 2016 წლის ბიუჯეტში 900 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, დედაქალაქის შემოგარენისა და ცენტრალური ტერიტორიების გასამწვანებლად შერჩეულია ქალაქის კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან შეგუებული შერეული სახეობების ნერგები. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 1,2 -დან 3 მეტრამდე, ხოლო ქალაქის შემოგარენში, ტყის აღდგენითი ღონისძიებების ფარგლებში, 0,5-1,0 მ სიმაღლის ხე-მცენარეები დაირგვება. სპეციალისტების მიერ რეკომენდირებულ სახეობებს შორისაა კიპაროსის, ცაცხვის, ჰიმალაის კედრის, ფიჭვის, ვერხვის, იფანისა და საპნის ხე-მცენარეები,”აცხადებს თბილისის მერია.

მერიის ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიებების პარალელურად ნინო სულხანიშვილმა ყურადღება სარწყავი სიტემის მოწესრიგების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. სულხანიშვილის თქმით, იმ პირობებში, როდესაც კლიმატის ცვლილება მკვეთრად შეინიშნება, სარწყავი სისტემების გარეშე ახლად დარგულ ნერგებს გადარჩენის მცირე შანსი აქვს, ამიტომ აქტუალურია საირიგაციო სისტემის მოწყობა. იგი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, სარწყავი კომუნიკაციები მოეწყობა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაზაფხულზე ყველაზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება.

2015 წლის დეკემბერში დავით ნარმანიამ ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მერიამ დაახლოებით ნახევარი მილიონი ხე უკვე დარგო. კერძოდ, საუბარია ერთი წლის განმავლობაში დარგულ 480 000 ხეზე. დავით ნარმანიას წინასაარჩევნო ერთ–ერთი დაპირება თბილისში ერთი მილიონი ხის დარგვა იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი