ახალი ამბები

რას ნიშნავს ”ხელისუფლების გადაცემის უზრუნველყოფა”

20 აპრილი, 2011 • 1440
რას ნიშნავს ”ხელისუფლების გადაცემის უზრუნველყოფა”

ელჩი ჯონ ბასი
ელჩი ჯონ ბასი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას საქართველოში 2012 და 2013 წლების არჩევნებთან დაკავშირებით დღეს აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი გამოეხმაურა:

„კლინტონმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია 2012 წლის საპარლამენტო  და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩევნების გზით მოხდეს დემოკრატიული ცვლილება“.

ბასის თქმით, ამერიკა არ კარნახობს საქართველოს, თუ როგორი ნაბიჯები უნდა გადადგას. ამერიკის სურვილია, ქართულ საზოგადოებას ხელი შეუწყოს, რათა საარჩევნო გარემო იყოს კონკურენტული.

„წარმომადგენლობითი ორგანო ისეთი უნდა იყოს, სადაც აისახება ტენდენციები ქართულ საზოგადოებაში“, – თქვა მან.

ჰილარი კლინტონის განცხადება ქართველი პოლიტიკოსების შეფასებების მთავარი თემა გახდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელიც მან ბერლინში ნატო-საქართველოს მინისტერიალის დროს გააკეთა, სააგენტო ”ფრანს პრესმა” გაავრცელა:

„ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსის რეფორმირება იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელისუფლების სრულიად დემოკრატიული გადაცემის პროცესი 2012–13 წლების არჩევნების შედეგად“, – განცხადა ჰილარი კლინტონმა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილისთვის „ღიმილისმომგვრელია“ ”ხელისუფლების გადაცემის” იმგვარი გაგება, როდესაც ხელისუფლებაში ”ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილის გუნდი აღარ მოიაზრება.

გიგა ბოკერია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, ჰილარი კლინტონის ციტატას ასე განმარტავს:

„ტრადიციული, ფუნდამენტური პრინციპი ამერიკის, მათ შორის საქართველოსიც, არის ის, რომ მოხდეს ხელისუფლების არჩევა დემოკრატიული გზით და  არჩევნების შედეგი  გამოხატავდეს ხალხის ნებას – ეს თქვა ჰილარი კლინტონმა“.

თუმცა პოლიტოლოგების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ჰილარი კლინტონის ციტატა პირდაპირ ნიშნავს არსებული ხელისუფლების კონსტიტუციური, არჩევნების გზით შეცვლას და ამ პროცესის თავად ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით.

„დიპლომატიური ენაა და თუ მოინდომე, სხვადსხვანაირად შეგიძლია წაიკითხო, მაგრამ როდესაც მუდმივად ადევნებ თვალს, თუ როგორი ლექსიკით საუბრობს ამა თუ იმ მოვლენის შეფასების დროს ამერიკა, ეს საკმაოდ გამჭვირვალე განცხადებაა. განცხადება, რომელშიც იგულისხმება, პირველ რიგში, ცვლილებები. ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ მას იმედი აქვს, ხელისუფლება ყველა პირობას შეასრულებს და ყველაფერს ისე გააკეთებს, რომ მოხდეს ხელისუფლების გადაცემა,“ – ამბობს ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, თუ მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ქართველი ხალხის ნებაა, დატოვოს სააკაშვილის ხელისუფლება ძალაუფებაში, ვერავინ შეედავება მას, მაგრამ ამისთვის საქართველოში საარჩევნო გარემო უნდა იყოს კონკურენტული.

„თუკი ხელისუფლებამ არ მოისურვა, ნამდვილად ვერ აიძულებს ვერანაირი განცხადება და ვერანაირი ქვეყანა, რომ მან დატოვოს სავარძლები“, – ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

„ამერიკისთვის ხალხის ნებაა მნიშვნელოვანი, ამიტომ კეთდება ასეთი განცხადებები ისეთ დროს, როდესაც პროცესები  ჩიხშია შესული. რათა სასწორის პინაზე აშშ–მ დაამძიმოს ოპოზიციური ”რვიანის” პოზიცია იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს და არჩევნებზე ხალხის ნება გამოიხატოს“ , – ამბობს ზაქარეიშვილი.

ოპოზიციური ”რვიანის” წევრი და ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე ”ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოსგან გამჭვირვალე არჩევნებს ითხოვს, არჩევნებს, სადაც გამოხატული იქნება ხალხის აზრი:

„საერთაშორისო საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს შედეგით. „შევთანხმდით, რომ ვერ შევთანხმდით“, ამერიკისთვის მისაღები არ იქნება“,–ამბობს დავით გამყრელიძე.

დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სასურველი დოზით ხშირად რომ ვერ ხდება, ამაზე დღეს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმაც ისაუბრა, ”თუმცა ესეც დემოკრატიის ნაწილია” – აღნიშნა მან.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლება და ოპოზიცია (მათ შორის, რვა ოპოზიციური პარტია) მოლაპარაკებების მაგიდასთან გასული წლის შემოდგომაზე დაჯდა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე „რვიანის“ პოზიცია ცნობილი იყო, რადგან მათ სექტემბერში წარმოადგინეს საარჩევნო გარემოს კანონპროექტი, სადაც რვა პოლიტიკური პარტიის შეთანხმებული პოზიცია იყო წარმოდგენილი.

იდეური შეუთანხმებლობა „რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის დასაწყისშივე ნათელი იყო. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ყველაზე ხშირად საუბრობდა ხელისუფლება, იყო პარლამენტში მაჟორიტარული წესით არჩევის პრინციპი, რომელსაც ხელისუფლება ”არავითარ შემთხვევაში არ დათმობდა”.

ეს ის საკითხია, რომელზეც  პოზიცია  საქართველოს პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელია მაჟორიტარების ისეთი წესით არჩევა, რომელიც გარკვეულ რაიონებს მაჟორიტარების გარეშე დატოვებს. არსებული კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტში თითოეულ მუნიციპალიტეტს (მთლიანობაში 75 მუნიციპალიტეტი) საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს.

ხოლო ერთ-ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ხელისუფლებამ წარმოადგინა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 75-ის 83-მდე გაზრდას ითვალისწინებდა.

ბიომეტრული პასპორტები, როგორც საარჩევნო სიების დაზუსტების ერთადერთი საშუალება, ასევე დაუწუნა ხელისუფლებამ „რვიანს“.

ოპოზიცია  მოლაპარაკებების დასაწყისში ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მისი ბერკეტი ამ პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობაა. ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ მათთვის პრიორიტეტული იყო ოპოზიციის პროცესებში ჩართვა და მათთან საუბარი.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა და ”პროცესი მიატოვა”, ”რვიანი” კი საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებით და მათთვის პროცესების თანმიმდევრობის გაცნობით ცდილობს მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს და საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესი განაგრძოს.

ოპოზიციური ”რვიანის”  წარმომადგენლები დღეს გაეროს ოფისში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს შეხვდნენ, მათ შორის, ჯონ ბასს და  ერიკ ფურნიეს.

გამყრელიძე ამბობს, რომ ელჩებთან შეხვედრისას ”რვიანის” წარმომადგენლებმა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრეს, ასევე, გააცნეს ის წინადადებები, რომლებიც ”რვიანმა” წარმოადგინა. გამყრელიძის თქმით, ელჩებმა მათი წინადადებები მოისმინეს და განაცხადეს, რომ ისინი უახლოეს მომავალში პროცესის აღდგენას და მისი შედეგით დასრულებას მოელიან.

„არ მეჩვენება ასე მარტივად სიტუაცია, როგორც ხანდახან ოპოზიცია ხედავს, რომ თუ დასავლეთმა მხარი დაუჭირა, ე.ი. საკითხი გადაწყვეტილია. ყველა ქვეყნის ხელისუფლებას და ჩვენს ხელისუფლებასაც ყოველთვის აქვს საიმისო რესურსი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაზე დგანან  მისი ყოფილი თუ ამჟამინდელი პარტნიორები“,–ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება „ძალაუფლებას არის ჩაბღაუჭებული“, თუმცა, მისი თქმით, ეს იქნება ნათელი მაგალითი ამერიკისთვის, თუ რამდენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება, მიიღოს მესიჯები ამერიკიდან.

2012 და 2013 წლების არჩევნები არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია ბოლო პერიოდის განმავლობაში.

15 აპრილს, ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრის შემდეგ, მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს მინისტრებმა ”2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით ხაზი გაუსვეს საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობას“.

ნატო –საქართველოს მინისტერიალს წინ უსწრებდა საქართველოში ჯეიმს აპატურაის ვიზიტი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოში ყოფნისას ოპოზიციური ”რვიანის” და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ჩიხში შესული მოლაპარაკებები იყო.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ მხარეების მცდელობას, მიაღწიონ კონსესუსს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აპატურაიმ შეხვედრაზე.

2011 წლის 13 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სადაც საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე მორიგი რეზოლუცია მიიღეს, ითქვა, რომ  2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები “ლაკმუსის ტესტი იქნება“. რეზოლუცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ, რომელიც ყველა მონაწილე მხარის ნდობას დაიმსახურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი