ახალი ამბები

ფუქსისა და ფრენკელის შვილებმა სააკაშვილს ბიზნესმენების შეწყალება სთხოვეს

20 აპრილი, 2011 • • 1034
ფუქსისა და ფრენკელის შვილებმა სააკაშვილს ბიზნესმენების შეწყალება სთხოვეს

რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის შვილებმა ქრთამის შეთავაზების ბრალდებით გასამართლებული ბიზნესმენების შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, შეიტანეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბიზნესმენთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.

არჩილ კბილაშვილის თქმით, შეწყალების მოთხოვნის მიზეზი ფრენკელისა და ფუქსის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასაკი გახდა. შეწყალების მოთხოვნის პარალელურად დაკავებულ ბიზნესმენთა ადვოკატი უკვე მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, მას გასაჩივრების ვადა 2011 წლის 1 მაისამდე აქვს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენებს 2011 წლის პირველ აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დამნაშავედ სცნო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ქრთამის შეთავაზებას. სასამართლომ რონი ფუქსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 500 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, ზეევ ფრენკელს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის გადახდა 100 ათასი ლარის ოდენობით.

ფუქსისა და ფრენკელის დაცვის მხარეს მოსამართლის მოტივაცია 15 აპრილს გადაეცა. „სასამართლოს განაჩენს იმიტომ ვასაჩივრებთ, რომ პრეტენზია გვაქვს განაჩენის დასაბუთებულობასა და კანონიერებასთან დაკავშირებით. განაჩენი მხოლოდ ბრალდების პოზიციას აშუქებს და მხოლოდ მისი წარმოჩენით არის შემოფარგლული. მაშინ, როდესაც დაცვის მხარის არგუმენტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ან საერთოდ არ არის განხილული, ან თუ ეხება,  არის ზედაპირულობა და მისი შინაარსის არასწორი გადმოცემა,“ – უთხრა ნეტგაზეთს არჩილ კბილაშვილმა. გარდა ამისა, დაცვის მხარეს პრეტენზია აქვს მოსამართლის გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებითაც. „კანონის იმ ნორმებს, რომლებსაც ჩვენ ვუთითებდით, თუ  სასამართლო გამოიყენებდა,  მაშინ ამ კუთხითაც გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დამდგარიყო. ამ ორ ჭრილში ვამზადებთ საჩივარს,“-თქვა არჩილ კბილაშვილმა.

ადვოკატის თქმით, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სასჯელაღსრულების ქსნის მეთხუტმეტე დაწესებულებაში ესტუმრა და მათ მალე გათავისუფლება უსურვა, ასევე მცირე საჩუქრები გადასცა. კბილაშილის ინფორმაციით, ილია მეორე ბიზნესმენთა სანახავად ქსნის საპყრობილეში პირადი ინიციატივით მივიდა.

ისრაელელი ბიზნესმენები ქართველმა სამართალდამცავებმა გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. გამოძიების მასალებით, ბიზნესმენებმა მინისტრის მოადგილეს 7 მილიონი აშშ დოლარის გადახდა შეთავაზეს ქრთამის სახით, რათა საქართველოს ხელისუფლებას არ გაეპროტესტებინა საარბიტრაჟო სასამართლოს – საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესმენებისთვის 98 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

1993 წელს კომპანია „ტრამექსს“, რომლის დამფუძნებლები არიან რონი ფუქსი და იოანის კარდასოპულოსი (ამ უკანასკნელზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული იგივე ბრალდებით, რაც რონი ფუქსს დაედო), 30– წლიანი ექსპლუატაციის უფლებით საქართველოს ყველა ნავთობსადენი გადაეცა. 1996 წელს მათ ეს უფლება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა. ბიზნესმენებმა კომპენსაციის მიღება ახალი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს.

ამავე თემაზე:

მთავრობის “განაჩენი” ებრაელ ბიზნესმენებს

ფუქსისა და ფრენკელის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ებრაელი ბიზნესმენები განაჩენის მოლოდინში

ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები

ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე შემაჯამებელი სიტყვების მოსმენა დასრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი