ახალი ამბები

ზაქარეიშვილის თქმით, კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებნი ვიზების ლიბერალიზაციით ინტერესდებიან

25 თებერვალი, 2016 • 1699
ზაქარეიშვილის თქმით, კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებნი ვიზების ლიბერალიზაციით ინტერესდებიან

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზური და ოსური საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნების ვიზების ლიბერალიზაციის საკითხით დაინტერესებული არიან.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუწყობს თუ არა ხელს ვიზების ლიბერალიზაცია იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი ქართულ პასპორტებს აიღებენ, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ ეს მოსალოდნელია.

“მე ღრმად ვარ დარწმუნებული და არა მარტო დარწმუნებული, გვაქვს კონტაქტები აფხაზური და ოსური საზოგადოებების წარმომადგენლებთან და ბევრი მათგანი უკვე ინტერესდება და კითხულობს, რა შეღავათები და რა პლუსები შეიძლება მიიღონ მათ აქედან გამომდინარე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შედეგები იქნება უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ წარმოდგვიდგენია,”– განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

არაოფიციალური ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების რეკომენდაციით ევროპარლამენტს და მინისტრთა საბჭოს მომდევნო კვირაში მიმართავს. ამ ინფორმაციას რამდენიმე წყარო ავრცელებს: დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი, ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლი ვანო ჩხიკვაძე და რადიო თავისუფალი ევროპის ბრიუსელის კორესპოდენტი რიკარდ იოზვიაკი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი