ახალი ამბები

ჰერალდიკის საბჭომ მარო მაყაშვილის სახელობის მედალი შექმნა

25 თებერვალი, 2016 • 3388
ჰერალდიკის საბჭომ მარო მაყაშვილის სახელობის მედალი შექმნა

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის საბჭომ მარო მაყაშვილის სახელობის მედალი შეიმუშავა, რომლიც ჯერ დამტკიცებული არაა.

მარო მაყაშვილის სახელობის მედლის ავერსზე გამოსახულია ია, გაზაფხულის პირველი ყვავილი, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო, განმარტავს ჰერალდიკის საბჭო.

“95 წლის წინ საქართველოს ოკუპაციამ განაპირობა ქართული სახელმწიფოებრიობის 70-წლიანი წყვეტა, რამაც შეუძლებელი გახადა საბჭოთა პერიოდში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, 1921 წელს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების სახელმწიფოებრივი დაფასება. მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, დამოუკიდებლობისთვის თავდადებული გმირების ხსოვნის უკვდავყოფა, მათი მაგალითების თვალსაჩინოდ ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში შეიქმნა მარო მაყაშვილის მედალი დამოუკიდებლობისთვის თავდადებული გმირი ქალის უკვდავსაყოფად, რომ ქვეყნის სამხედრო სამსახურში მყოფი ქალებისათვის არსებობდეს ღირსებისა და პატივის საზომი”, – მიაჩნია ჰერალდიკის საბჭოს.

ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა გონგაძემ “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ მედლის იერსახეა შემუშავებული, თუმცა ჯერ ჯილდოდ დაწესებული არაა. გონგაძის განმარტებით, ეს მედალი არა სახელმწიფო, არამედ უწყებრივი ჯილდო იქნება, რომელიც შესაძლოა გადაეცეს სამხედრო მოსამსახურე ქალებს.

მარო მაყაშვილი (1902-1921) საბჭოთა არმიის წინააღმდეგ თბილისის შემოგარენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, როგორც მოწყალების და.  იგი 19 თებერვალს, თბილისის დაცემამდე 6 დღით ადრე დაიღუპა.

მარო მაყაშვილი ქართველ იუნკრებთან ერთად 26 თებერვალს დაკრძალეს სამხედრო ტაძრის ეზოში, იქ, სადაც დღეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობა დგას. 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

მარო მაყაშვილის მედალი

მარო მაყაშვილის მედალი

მასალების გადაბეჭდვის წესი