ახალი ამბები

ბერძენიშვილი: ცილისწამების დასჯა სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

25 თებერვალი, 2016 • 2159
ბერძენიშვილი: ცილისწამების დასჯა სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ თედო კობახიძის საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმად ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაული უნდა გახდეს, გამოხატვის თავისუფლებასთან და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან მოდის წინააღმდეგობაში. ამის შესახებ დეპუტატემა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

“თუ ცილისწამების მუხლი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ უკვე ჩრდილი აქვს მიყენებული გამოხატვის თავისუფლებას. გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური და სერიოზული უფლება და დარწმუნებული ვარ, რომ ცილისწამების მუხლის შემოღებით ქვეყანა იქ დაბრუნდება, სადაც ამჟამად არ იმყოფება. საქართველოს პარლამენტში დღეს  ამგვარი კანონების მიღების საფრთხის საკითხს სერიოზულად არ განვიხილავ. ამას გეუბნებით, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.  სხვა ყველაფერთან ერთად, ჩვენი კომიტეტის ამოცანაა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემოწმება ევროპულ კანონებთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. ცილისწამების კანონი ევროპულ და მსოფლიო ღირებულებებს,  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეცხრამეტე მუხლს ეწინააღმდეგება, რომელიც ამბობს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია ნებისმიერი საშუალებით. ცილისწამების მუხლი სწორედ იმ კანონმდებლობის ნაწილია, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს,”- აღნიშნავს ბერძენიშვილი.

დეპუტატის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელმაც “რელიგიური გრძნობების შესახებ” კანონპროექტი შენიშვნებით მიიღო, ცილისწამების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს:

“იმ კომიტეტშიც კი, რომელმაც შენიშვნებით, მაგრამ მაინც გაატარა სოსო ჯაჭვლიანის ფრიად და ფრიად საეჭვო კანონპროექტი, რომელზეც საპატრიარქომაც კი პროტესტი გამოთქვა  – ეს რა უბედურებააო, და კარგია, რომ ბატონმა  სოსომ გაიტანა,  ამ კომიტეტშიც კი არანაირი შანსი ექნება ცილისწამების კანონპროექტს. ჩვენ [ საჯარო მოხელეებს] გვმართებს მოთმინება და ცილისწამების დასჯა [სისხლის სამართლის კოდექსით]  არის ნაბიჯი საბჭოთა კავშირისკენ. ვფიქრობ, სერიოზულად არ უნდა განვიხილოთ. არ მგონია, ამან კანონის სახე მიიღოს. ”

ლევან ბერძენიშვილს არ ესმის, არსებული კანონმდებლობის პირობებში თედო კობახიძე თავს დაუცველად რატომ გრძნობს:

“ვიღაცებს ჰქონიათ, რომ თუ ვინმეს ენას დაუმოკლებენ, მაშინ გაცილებით უფრო იოლი იქნება მათი ცხოვრება. საჯარო მოხელეებს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ ასეთი ლაპარაკის დროს, ასეთი ლაპარაკი ნიშნავს, რომ არსებული კანონმდებლობით თავს დაუცველად გრძნობენ და ეს კონკრეტული მოქალაქე თავს დაუცველად რატომ გრძნობს, ვერ ვხვდები, რა ემუქრება მას ასეთი? ”

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ  24 თებერვალს ტელეკომპანია “იბერიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტს ცილისწამების კრიმინალიზების ინიციატივით მიმართავს.

პარლამენტის ვიც-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმის  განმარტებით, კანონპროექტის მომზადების მიზეზი ბოლო თვეებში შეწყალების კომისიის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. კობახიძეს სწორედ ამიტომ სურს კანონში ცვლილებები შევიდეს და ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი