ახალი ამბებისაზოგადოება

სტუდენტური გაერთიანებების ღია წერილი თსუ-ის ადმინისტრაციას

25 თებერვალი, 2016 • 1827
სტუდენტური გაერთიანებების ღია წერილი თსუ-ის ადმინისტრაციას

სტუდენტური გაერთიანებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უნივერსიტეტში მე-4 ეროვნული ლგბტ კონფერენციის გამართვაზე უარის თქმის გამო ღია წერილით მიმართავენ.

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

მიგვაჩნია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ლექტორებისა და სტუდენტების აკადემიური თავისუფლება, რაც გულისხმობს მეცნიერული და საგანმანათლებლო ინტერესის მქონე ნებისმიერ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობას.

უნივერსიტეტი ვალდებულია დაიცვას თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი ტიპის ცენზურისგან.

მოვითხოვთ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოგვცეს გარანტია, რომ მომავალში დაიცავს სტუდენტებისა და ლექტორების აკადემიურ თავისუფლებას!

უნივერსიტეტი არ არის სტატიკური სივრცე: ის ეკუთვნის ყველას, შესაბამისად, ყველა შესაძლო ალტერნატივას, კანონის ფარგლებში, უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს მისი სივრცე.

უნივერსიტეტი არ არის სტერილური სივრცე, მასში უნდა მოხდეს ცოდნის კვლავწარმოება, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვით კი ის შორდება თავის პირვანდელ ფორმასა და კარგავს ავტონომიურობას.

უნივერსიტეტში რომელიმე კონკრეტულ ჯგუფი არ უნდა სარგებლობდეს რაიმე პრივილეგიით.

ის, რაც 22 თებერვალს მოხდა, იყო აკადემიური და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, სამეცნიერო საქმიანობისთვის ხელის შეშლა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სისუსტის გამოვლინება! მან ვერ უზრუნველყო უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების უსაფრთხოება და მოიხსნა ყველანაირი პასუხისმგებლობა, რაც, ჩვენი აზრით, დაუშვებელია!

ჩვენი წარმომადგენლები წარმომადგენლობით ორგანოში აუცილებლად მოითხოვენ ახსნა-განმარტებას აღნიშნულთან დაკავშირებით და დააყენებენ შესაბამისი პირების პასუხსიმგებლობის საკითხს მომდევნო საბჭოზე.“

მიმართვას ავრცელებენ „თვითორგანიზების ქსელი“, „მწვანე მუშტი“ და „სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ“.

22 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩატარებულიყო მეოთხე ეროვნული ლგბტ კონფერენცია, თუმცა მუქარის შემცველი განცხადებების გამო კონფერენცია “იდენტობამ” საკუთარ ოფისში გამართა.

თსუ-ს განმარტებებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი