ახალი ამბებისაზოგადოება

სერგეენკო: სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალურია

25 თებერვალი, 2016 • 1667
სერგეენკო: სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალურია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ “სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს და კანონებს. ის არის არალეგალური მოქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო”.

რაც შეეხება ონლაინ – ელექტრონულ რეცეპტს, მინისტრის განმარტებით, ეს მიღებული ფორმაა.

“ორი წელია უკვე, რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება უფრო ფართო შესაძლებლობები, როდესაც პაციენტს არ ექნება იმის საჭიროება, რომ ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეს. ექიმი როდესაც გასინჯავს, გამოუწერს რეცეპტს, ექიმს შეეძლება, რომ პირდაპირ ატვირთის ეს ინფორმაცია და პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს. აფთიაქს ექნება საშუალება, რომ დადასტურებულად, კანონით დადგენილი ფორმით ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე გასცეს მედიკამენტი,”- განაცხადა სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

უფასო სატელეფონო კონსულტაციებს რეცეპტით გასაყიდი მედიკამენტების გამოწერის მიზნით რამდენიმე თვეა მომხმარებლებს სააფთიაქო ქსელი “ფარმადეპო” სთავაზობს. წამლის ურეცეპტოდ გამოწერამდე ოპერატორი პაციენტს [ან პაციენტის ახლობელს] პირად მონაცემებს, ასაკს და ჩივილებს ეკითხება. რამდენიმე წუთში რეცეპტით გამოსაწერი წამლის აღება ამ აფთიაქის ნებისმიერ ქსელში ხდება შესაძლებელი. აღნიშნული მომსახურების შესახებ კომპანია სმს-შეტყობინებასაც აგზავნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი