ახალი ამბებისაზოგადოება

იწვევს თუ არა ტალკის მოხმარება საშვილოსნოს კიბოს

25 თებერვალი, 2016 • 6377
იწვევს თუ არა ტალკის მოხმარება საშვილოსნოს კიბოს

მისურის შტატის ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, კომპანიამ Johnson&Johnson $72 მილიონი უნდა გადაუხადოს ქალის ოჯახს, რომელიც მათი მტკიცებით კომპანიის მიერ წარმოებული პუდრის მოხმარების შედეგად გარდაიცვალა. ოჯახი იმასაც აცხადებს, რომ კომპანიამ პუდრში შემავალი მავნე ნივთიერებების შესახებ იცოდა და მომხმარებელი არ გააფრთხილა.

ეს სასამართლოს მიერ განხილული პირველი საქმეა იმ 1000 სასამართლო სარჩელიდან, რომელიც ამერიკის მასშტაბით J&J-ის პროდუქციის წინააღმდეგ მომხმარებლებმა შეიტანეს.

2009 წლის მაისში სხვადასხვა კოალიციის გაერთიანებამ წამოიწყო კამპანია უსაფრთხო კოსმეტიკის მხარდასაჭერად. ისინი მოუწოდებნენ კომპანიას, ამოეღო თავისი პროდუქციის შემადგენლობიდან საეჭვო ინგრედიენტები.

3-წლიანი კამპანიის შედეგად, 2012 წელს, კომპანია დათანხმდა, რომ ამოეღო 1,4-დიოქსინი და ფორმალდეჰიდი პროდუქციის შემადგენლობიდან, რადგან ორივე ნივთიერება კარცენოგენად მიიჩნევა.

არის თუ არა პუდრის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები საშვილოსნოს კიბოს გამოწვევი, ამაზე კვლევის საერთაშორისო სააგენტო დაზუსტებულ პასუხს ვერ სცემს, თუმცა აცხადებს, რომ არსებობს შესაძლო რისკები პუდრის დიდი ხნის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში.

ბუნებრივი მინერალი ტალკი სუფთა სახით შეიცავს დიდი რაოდენობით აზბესტს, რაც იწვევს კიბოს. პუდრის დასამზადებლად გამოიყენება აზბესტისაგან გამოთავისუფლებული ტალკი, რაც უსაფრთხოა, თუმცა კვლევები უჩვენებს, რომ აზბესტისგან გაწმენდილი ტალკიც კი ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგებს იძლევა.

არსებობს მოსაზრებებიც, რომ მსგავსი კვლევები მიკერძოებულია, რადგან ისინი ხშირად ეყრდნობა მხოლოდ ადამიანთა პირად შეხედულებებს, რომ მათი დაავადება დიდი რაოდენობით გამოყენებულმა პუდრმა განაპირობა. სხვა კვლევები კი ამტკიცებს, რომ არ არსებობს კავშირი ტალკის მოხმარებასა და დაავადებას შორის. ასევე არ იკვეთება, რომ ტალკის მიმართ არსებობს ე.წ. დოზის რეაქცია სხვა კარცენოგენებისაგან განსხვავებით (მაგ. როგორც თამბაქოს შემთხვევაში).

გაერთიანებული სამეფოს სიმსივნის კვლევის ცენტრის განცხადებით, კავშირი ტალკსა და საშვილოსნოს კიბოს შორის ამ დრომდე დაუდგენელია. მათი აზრით, დაავადება უფრო მეტად სხვადასხვა მემკვიდრეობითი და გარემო ფაქტორების კომბინაციითაა გამოწვეული და არა მხოლოდ ერთი მიზეზით, ისეთით, როგორიცაა ტალკი.

2003 წელს ცენტრმა 16 სხვადასხვა კვლევა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობას 12,000 ქალი იღებდა. კვლევამ დაადგინა, რომ ტალკის მოხმარება ამ ქალებში საშვილოსნოს კიბოს შანსებს სამჯერ ზრდიდა. 2013 წელს იმავე სახის კვლევამ აშშ-ში, რომელიც 18,000 ქალს შორის ჩატარდა, თითქმის მსგავსი შედეგები აჩვენა. კვლევა მხოლოდ გენიტალურ ზონაში პუდრის მოხმარებას სწავლობდა და არა ზოგადს. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევების ავტორებიც უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ამ სახის კვლევების მონაწილეები შესაძლოა მიკერძოებული  იყვნენ და მიღებული შედეგები შეიძლება ხშირად სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.

ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ თუ კონტექსტს უკეთ მოვარგებთ კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც ტალკის მოხმარება საშვილოსნოს კიბოს რისკებს 3-ჯერ ზრდის, მაშინ სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის რეგულარული მიღება საყლაპავი მილის კიბოს შანსებს 30-ჯერ ზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი