ახალი ამბებისამართალი

კოკაინის საქმის ყოფილი ადვოკატი აცხადებს, რომ მანანა კობახიძის სიძე ემუქრება

24 თებერვალი, 2016 • 2135
კოკაინის საქმის ყოფილი ადვოკატი აცხადებს, რომ მანანა კობახიძის სიძე ემუქრება

კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ყოფილი ადვოკატი კობა კობახიძე დღეს ამტკიცებს, რომ მას შემდეგ. რაც დეპუტატ მანანა კობახიძის ძმასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა, მისი სიძისგან. ლევან ონიანისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

კობა კობახიძე ამბობს. რომ შეტყობინებები შეურაცხმყოფელი და მუქარის ხასიათის იყო, რის გამოც პოლიციაში მივიდა და მუქარის შესახებ განაცხადა.

მანამდე ადვოკატმა გაზეთ “ქართული გაზეთის” ოფისში პრესკონფერენცია გამართა კოკაინის საქმეზე ბრალდებულების და შეწყალების კომისიის სკანდალთან დაკავშირებით. ასევე, საადვოკატო მომსახურებაზე მისი და მსჯავრდებულ ანასატასია ზაუტაშვილის დედის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა.

როგორც კობა კობახიძე ამბობს, პირადად დიდი ხანია იცნობს როგორც დეპუტატ მანანა კობახიძეს, ასევე მის ძმას, თედო კობახიძეს და სიძესაც.

“დიდი ხანია ვიცნობ მანანა კობახიძეს.  მას სხვადასხვა დროს არაერთ საქმესთან დაკავშირებით უთქვამს, რომ ჩავრთულიყავი”, – უთხრა კობა კობახიძემ ნეტგაზეთს.

თუმცა 2014 წელს ანასტასია ზაუტაშვილის საქმეზე ის ამბობს, რომ არა მანანა, არამედ მისი ძმის, თედო კობახიძის თხოვნით ჩაერთო.

“მითხრეს, რომ მანანა კობახიძე, როგორც საჯარო მოხელე,  ვეღარ იქნებოდა ჩართული”

ანასტასია ზაუტაშვილის დედასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კოკაინის  საქმის შესასწავლად  კობა კობახიძეს 6250 ევრო უნდა მიეღო. გარდა ამისა, ახლად აღმოჩენილი გარემოებების აღმოჩენის გამო – 75 ათასი ევრო.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ეს ჩანაწერი 75 ათას ევროზე, მაშინ, როცა ისედაც უნდა მიეღო ანაზღაურება საადვოკატო მომსახურებისთვის, კობახიძე განმარტავს, რომ როგორც დეპუტატის ძმამ უთხრა,  შეიქმნებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, რომლისთვისაც შეეძლო მიემართა ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო.

“ეს იქნებოდა ბონუსი” – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, გელა კობახიძემ უთხრა, რომ თითოეული პატიმრისგან მოეთხოვა 75 ათასი ევრო, “ფულის პრობლემა არა აქვთო, თუმცა ძალიან მებევრა. ანუ ეს 75 ათასი იყო ხუთივე პატიმრისგან. თითოეულისგან 15 ათასი”.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან, რომელიც 24 თებერვალს კობა კობახიძემ გაასაჯაროვა. ხელშეკრულების ავთენტურობა დადგენილი არ არის

ამონარიდი ხელშეკრულებიდან, რომელიც 24 თებერვალს კობა კობახიძემ გაასაჯაროვა. ხელშეკრულების ავთენტურობა დადგენილი არ არის

კობახიძე აცხადებს, რომ ანასტასია ზაუტაშვილის დედამ მას 6250 ევრო ჩაურიცხა, საიდანაც გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, დანარჩენი კი გელა კობახიძეს ასესხა. “მანამდეც მქონდა თანხა ნასესხები მისთვის”.

ადვოკატი კობა კობახიძე ამბობს, რომ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ შეწყალების კომისიას მიმართეს. და როცა არ შეიწყალეს, ზაუტაშვილმა მას ამ თანხის დაბრუნება მოსთხოვა.

“მე ვუთხარი, ეს თანხა მოსთხოვეთ გელას-თქო და, როგორც ვიცი, ეს ამ თანხას გელამ დაამატა კიდეც და მამის ხელით დაუბრუნა ზაუტაშვილის დედას”.

კითხვაზე, ახლა რატომ ისაუბრა ამის შესახებ, კობა კობახიძე ამბობს, რომ ამის მიზეზი შეწყალების კომისიის სკანდალი გახდა, რადგან ჩირქს სცხებენ შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილს.  კობა კობახიძე ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ მანანა კობახიძე სხვადასხვა დროს მას სხვადასხვა თანამდებობას სთავაზობდა:

“გელა კობახიძე უნდა გამხდარიყო სოზარ სუბარის მოადგილე და ჩემთან წაგიყვანო, მეუბნებოდა”.

დღესვე ამ თემაზე კომენტარები გააკეთეს დეპუტატმა მანანა კობახიძემ და მისმა ძმამ თედო კობახიძემ. ასევე, ანასტასია ზაუტაშვილმა, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუ ციხიდან ტელეკომპანია “იბერიას” მისცა და დაადასტურა, რომ ადვოკატი კობა კობახიძე თედო კობახიძემ ურჩია:

“მანანა კობახიძიე პოლიტიკაში რომ წავიდა, ვეღარ იყო ჩემი ადვოკატი, დრო აღარ ჰქონდა. მერე ჩემი შვილის თაობაზე მქონდა სამოქალაქო დავა  და თედო იყო ჩემი ადვოკატი. მერე თედომაც თქვა, რომ პოლიტიკაში მივდივარ და ვეღარ ვიქნები შენი ადვოკატიო. მერე დედაჩემი მანანას რომ ეძებდა და რაღაც, შეხვდრია თედო და უთხრა, რომ თქვენ ვეღარ გვეხმარებით, რადგან პოლიტიკაში ხართო.  რა ვიცი, ადრე მანანამ შემოგვითვალა, დაინტერესებული პირი გამოვდივარ, რომ ჩავერიოო.  შეწყალებაზე ხომ მიხვდა უკვე, რომ მე მაინც არ მისმენენო, ხომ ხედავთ ოპოზიციაშია პრეზიდენტი და რაღაც. დედაჩემს უთქვამს, ადვოკატი გვირჩიეთ, ვინც შეიძლება ეს თემა დაძრასო და თედოს ურჩევია ეს ადვოკატი”, – განუცხადა ტელეკომპანია “იბერიას” კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულმა ანასტასია ზაუტაშვილმა. 

თავად გელა კობახიძე დღევანდელ ბრალდებას ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში ასე გამოეხმაურა:

” როდესაც ადამიანი მსჯავრდებულია, მით უმეტეს, ქალბატონი, რომელიც სამი შვილის დედაა, არასწორია, რომ ვიღაცის პოლიტიკური დივიდენდების თუ  მისწრაფებების გამო ამ ადამიანის ბედ-იღბლით მიდიოდეს ვაჭრობა. მით უმეტეს, როდესაც ამაში არიან ჩართული ადამიანები, რომლებიც თავის თავს კაცებს უწოდებენ და ეს არც კაცურია, არც ქართულია, არც მართლმადიდებლურია და არც ადამიანურია.

კობა კობახიძისთვის საპასუხოც არაფერია, ეს სამარცხვინო ადამიანი არის, გვარის შემარცხვენელი ადამიანი არის, არ შეიძლება სერიოზულად მივუდგე მის გაცხადებებს, რომლებიც არც ვიცი, რითია გამოწვეული. ეტყობა, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გარიგდა, არ ვიცი, ან შეიძლება ამ საქმეში რაღაცით სარგებლობსა კიდევაც. პიროვნება ნაკლებად არის კობა კობახიძე მას შემდეგ, რაც ეს ჩაიდინა”. 

გელა კობახიძემ  პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში კი აღნიშნა: “მისთვის [კობა კობახიძისთვის] უნდა რაღაცნაირად მოგვეხერხებინა, რომ იგი გამხდარიყო ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ან თუნდაც მთავარი პროკურორი და ბოდიში, რომ ამ თანამდებობებს კობა კობახიძე არ იკავებს”. 

24 თებერვალს ბრალდებებს გამოეხმაურა დეპუტატი მანანა კობახიძეც, რომელმაც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცახადა: “როგორც ჩანს, კობახიძე თამაშობს “ნაციონალური მოძრაობის”, ყოფილი პოლიციელების თამაშს და, როგორც ჩანს, მიზანია კიდევ ერთხელ მოახდინოს ქართული ოცნების და პირადად ჩემი დისკრედიტაცია”.

მანანა კობახიძე და ეკა ბესელია კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების გამო შესწყალების კომისიაზე ზეწოლაში კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა დაადანაშაულა. საქმეს პროკურატურა იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი