ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ ცნო მოსკოვში გეი–აღლუმების აკრძალვა

13 აპრილი, 2011 • 1238
სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ ცნო მოსკოვში გეი–აღლუმების აკრძალვა

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია რუსეთის დედაქალაქის მთავრობის აკრძალვა მოსკოვში გეი–აღლუმის ჩატარების შესახებ.

„ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს დიდმა პალატამ უარი განუცხადა რუსეთს მოსკოვში სამი გეი–აღლუმის აკრძალვის შესახებ საქმის გადახედვასთან დაკავშირებით,“ – ეს ინფორმაცია სააგენტო „ინტერფაქსს“ მოძრაობა  Gay Russia–ს ლიდერმა ნიკოლაი ალექსეევმა მიაწოდა.

შესაბამისად, მისივე თქმით, 11 აპრილიდან ძალაში შევიდა სტრასბურგის სასამართლოს პირველი პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე – „ალექსეევი რუსეთის წინააღმდეგ“. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსკოვში 2006–08 წლებში გეი–აღლუმების აკრძალვა ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ევროპულ კონვენციას.

კერძოდ, პირველმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ „იმ ღონისძიებებისა და პიკეტირებების აკრძალვით, რომელთა გამართვასაც გეგმავდნენ გეი–აქტივისტები მოსკოვში 2006 წლის 27 მაისს, 2007 წლის 27 მაისს და 2008 წლის მთელი მაისის მანძილზე, რუსეთმა დაარღვია ევროპული კონვენციის  მე–11 მუხლი (თავისუფლად შეკრების უფლება), მე–14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე–13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების შესახებ უფლება)“, – აცხადებს ალექსეევი.

ევროპის სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ განმცხადებელს, ანუ ალექსეევს უნდა აუნაზღაუროს კომპენსაციის სახით 30 ათასი ევრო.

ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ აღნიშნული საქმე განსახილველად გადაცემოდა უმაღლეს ინსტანციას – ევროპის სასამართლოს დიდ პალატას.

„დიდი პალატისთვის საქმეების გადაცემა ხდება იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში. გადაწყვეტილებას, გადაეცემა თუ არა ესა თუ ის საქმე დიდ პალატას, იღებს ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, რომლის ვერდიქტიც საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას,“ – აცხადებს ალექსეევი.

ამდენად, მისი თქმით, მოსკოვის მთავრობას ამჯერად აღარ რჩება არავითარი სამართლებრივი საფუძველი „ჩვენი სახალხო ღონისძიებების ასაკრძალად. შესაბამისად, მორიგი გეი–აღლუმის ჩატარება მოსკოვში უნდა იქნას შეთანხმებული ხელისუფლების მხრიდან“.

რუსეთის გეი–აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ მათ უკვე შეიტანეს მოსკოვის მერიაში განცხადება “მასობრივი კულტურულ–საგანმანათლებლო ხასიათის აქციის ჩატარების შესახებ“. აქტივისტებს დაგეგმილი აქვთ, მოსკოველებს უამბონ იმ ჰომოსექსუალების შესახებ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მსოფლიო კულტურის განვითარების საქმეში: მათ შორის ნიკოლაი ალექსეევმა დაასახელა -პეტრე ჩაიკოვსკი, სვიატოსლავ რიხტერი, რუდოლფ ნურიევი და ელტონ ჯონი, თან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს წვლილი არ შეიძლება განხილული იქნას მათი სექსუალური იდენტობისა და ორიენტაციის გაუთვალისწინებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი