ახალი ამბები

მსხვერპლი მინსკის მეტროში

11 აპრილი, 2011 • 915
მსხვერპლი მინსკის მეტროში

7 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა მინსკის ერთ –ერთ მეტროსადგურში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად.

„კომსომოლკაია პრავდას“ ინფორმაციით, ბელორუსის დედაქალაქში 17.50 –იდან 18.00 საათამდე მეტროსადგურ „ოქტიაბრსკაიადან“ პანიკაში მყოფი ადამიანები გამორბოდნენ. მოქალაქეების თქმით, მეტროში, მოსკოვის ხაზის მატარებლის ვაგონებთან აფეთქება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით,  ესკალატორი შუაზე გაიხლიჩა და ჭერიც ჩამოინგრა. ნანგრევებში კი ადამიანები მოყვნენ.

„რია–ნოვოსტის“ ინფორმაციით, ბელორუსის მთავრობამ უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აფეთქების შედეგად მსხვერპლი არის.

„რია– ნოვოსტის“ ინფორმაციით, მეტროსადგურთან, სადაც აფეთქება მოხდა, ბელორუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს რეზიდენცია მდებარეობს.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ემილ სულეიმანოვი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ბელორუსი ტერორისტების სამიზნე ქვეყანას არ წარმოადგენს.

„არ არის გამორიცხული, ბელორუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს მოწყობილი იყოს აღნიშნული აფეთქება. ისევე როგორც რუსეთში, ბელორუსშიც ოპოზიციას დაადანაშაულებენ ტერორისტული აქტების მოწყობაში და  შესაძლოა, დააპატიმრონ კიდეც. ამით საბოლოოდ აღკვეთენ ოპოზიციის გამოსვლებს“.  –ამბობს სულეიმანოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი