ახალი ამბები

სასამართლომ გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო გააუქმა

23 თებერვალი, 2016 • 1178
სასამართლომ გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო 50 ათასი ლარის ოდენობით გაუქმდა, ხოლო  ბინის ყადაღა მოეხსნა.

“გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამაღთლოს სისხლის სამართლის სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძება გირაო 50 ათასი ლარის ოდენობით. გაუქმდეს გირაოს უზრუნველსაყოფად დადგენილი ყადაღა უძრავ ქონებაზე”, –  განაცხადა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე მაია შოშიაშვილმა.

გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ გირაოსა და ყადაღის გაუქმების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით დაახლოებით 2 კვირის წინ მიმართეს, ხოლო მოსამართლემ მათი დასაბუთება გაითვალისწინა.

“აღკვეთის ღონისძიების საფუძვლები არ არსებობს. უნდა გაუქმდეს შეფარდებული გირაო იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის, თავის დროზე რატომაც შეეფარდა და რა რისკებიც იყო გათვალისწინებული, ეს რისკები ნულოვანია. შესაბამისად, რახან გირაო გაუქმდა, ყადაღაც უნდა მოეხსნას უძრავ ქონებას”, – განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დალი მეტრეველის გადაწყვეტილებით, თბილისის მერს გიგი უგულავას 50 000 ლარიანი გირაო 2013 წლის 21 დეკემებერს შეეფარდა. გიგი უგულავას გირაოს გადასახდელად 30 დღის ვადა ჰქონდა დადგენილი.

თბილისის მერს ბრალდება 2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის თაობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი