ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მედიაბაზრის მრავალფეროვნების უზრუნველყოფას მოითხოვს

8 აპრილი, 2011 • 1000
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მედიაბაზრის მრავალფეროვნების უზრუნველყოფას მოითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ლიცენზიების გაცემის შემდეგ რაუნდზე პრიორიტეტი მიანიჭოს ახალი ამბებისა და საგანმანათლებლო გადაცემების მომწოდებელ არხებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შიშობს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაძლებელია, საზოგადოებრივი კვლევის შედეგები ლიცენზიებზე უარის სათქმელად გამოიყენოს იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც საინფორმაციო გადაცემების, პოლიტიკური დებატების, საგამოძიებო ფილმების ან სხვა ინფორმაციული და საგანმანათლებლო შინაარსის პროგრამების მაუწყებლობას გადაწყვეტენ.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მარეგულირებელი კომისიის საბჭო მომავალი წლების სალიცენზიო პრიორიტეტების განსაზღვრისას მხევდველობაში მიიღებს საქართველოს სატელევიზიო ბაზრის რეალობას, რომელიც გასართობ პროგრამებებს მრავლად გვთავაზობს, მაგრამ ჟურნალისტური კონკურენციის ნაკლებობას განიცდის. ასევე, მწირია რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეპორტაჟები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა.

ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციის, BCG Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, რომელიც 5 აპრილს წარუდგინეს მედიას, ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეები ანალიტიკურ და საინფორმაციო გადაცემებთან შედარებით უპირატესობას მუსიკალურ და გასართობ პროგრამებს ანიჭებენ. „თუმცა, ევროკავშირის დაკვეთით და CRRC მიერ 2009 წელს ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველი მოსახლეობის უმრავლესობას უფრო მეტი და უკეთესი ხარისხის საინფორმაციო პროგრამების მიმართ აქვს ინტერესი“ – აცახდებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები.

მათივე თქმით, ვიდრე BCG Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის ზუსტი მეთოდოლოგია და სრული მონაცემები არ იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი, შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა კითხვები დაისვა, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – რა კითხვები არ დასმულა. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კვლევის შედეგების ინტერპრეტაციაც.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო გახადოს არა მხოლოდ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, არამედ კვლევის მეთოდოლოგია და დეტალური მონაცემები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ლიცენზიებს სწორედ საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გათვალისწინებით გასცემს 10– წლიანი ვადით.

 

ამავე თემაზე:

სინამდვილეში რა სურს მაყურებელს?

რა აკლია მაყურებელს ტელეეთერში?

მაყურებლის პრიორიტეტები საქართველოში

რა სურთ მოქალაქეებს მაუწყებლებისგან?

რატომ მალავს კვლევას კომუნიკაციების კომისია

მაუწყებლობის პრიორიტეტები 3 წლიანი კვლევით

მასალების გადაბეჭდვის წესი