ახალი ამბები

საქართველო–ნატოს მინისტერიალზე საარჩევნო გარემოს საკითხებს განიხილავენ

7 აპრილი, 2011 • • 1084
საქართველო–ნატოს მინისტერიალზე საარჩევნო გარემოს საკითხებს განიხილავენ

ნატო–საქართველოს მინისტერიალზე, რომელიც ერთ კვირაში ბერლინში გაიმართება, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კოდექსის რეფორმირების პროცესი ერთ–ერთი მთავარი საკითხი იქნება.

ამის შესახებ საუბრობენ “რვიანის” წარმომადგენლები, რომლებიც ჯეიმს აპატურაის, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს შეხვდნენ.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი დღეს დილიდან საქართველოში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მთავარი თემა ნატო–საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები იყო – ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა, ბერლინის მინისტერიალისთვის მზადების პროცესი, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები.

„ნატო არანაირ კომპრომისზე არ წავა, როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, იგი არასოდეს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეს არის მტკიცე პრინციპი ნატო–საქართველოს ურთიერთობებში“, –განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები ჯეიმს აპატურაისა და ოპოზიციურ „რვიანს“ შორის განხილვის მთავარი თემა იყო.

„ვიცი, რომ საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ მხარეების მცდელობას, მიაღწიონ კონსესუსს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აპატურაიმ.

შეხვედრის დასასრულს ნატოს წარმომადგენელს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. „რვიანის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ერთი კვირის შემდეგ ნატო–საქართველოს მინისტერიალზე განსახილველ საკითხთა შორის ერთ–ერთი მთავარი თემა საარჩევნო გარემო იქნება.

„ჩვენგან მოისმინა რეკომენდაცია, სიტუაცია, თუ რა მდგომარეობაა მოლაპარაკებების თვალსაზრისით, რომ ახლა მოლაპარაკებები სწორედ ხელისუფლების დამოკიდებულების გამო არის ჩაშლის პირას, არის შეჩერებული დ ჩვენ გვაქვს დამატებით წინადადებები, რომ კომპრომისი გამოინახოს. თუ ეს მოლაპარაკებები არ შედგა, ეს იქნება იმის ნათელი დადასტურება, რომ თავისუფალი არჩევნების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არადა, ეს არ არის მხოლოდ ნატოს სურვილი, მკაფიო მიზანი საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს პერსპექტივა ნატოში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მიიღწევა ეს კომპრომისი და რამდენად გაჩნდება თავისუფალი არჩევნების ჩატარების შანსი“, – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

დღეს ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდა.  როგორც „რვიანის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, აპატურაი მათ დაპირდა, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩიხში შესულ მოლაპარაკებებზე  დავით ბაქრაძესთან ისაუბრებდა.

ოპოზიციური „რვიანი“ ჯეიმს აპატურაის საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლობის ოფისში შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი