მერიის ცნობით, მთაწმინდაზე 3600 ხმელი ხის მოჭრა იგეგმება

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ცნობით, მთაწმინდის პარკთან “ბომბორასთან” მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 600 ხმელი ხის მოჭრა იგეგმება, რის სანაცვლოდაც, მერიის დაპირებით, ახალი ზრდასრული ხეები დაირგვება.

მერიის ცნობით, აღნიშნული ღონისძიებები მერქნიანი მცენარეების კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება შესაბამისი ფიტოსანიტარიული დასკვნისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე.

მერია აცხადებს, რომ ამ დროისათვის, მთაწმინდის პარკის მიმდებარედ 480 ხმობადი ხე-მცენარეა მოჭრილი, ხოლო მოჭრილი ხეების ადგილზე, რგვების სეზონის დაწყებისთანანავე, ახალი ზრდასრული ხე-მცენარეები დაირგვება.

ხვალ, 24 თებერვალს, 9 აპრილის ქუჩაზე, 4 გამხმარი კედრის ხე მოიჭრება. მერიის ცნობით,  ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აღნიშნული ხეების მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ხე-მცენარეები ზეხმელი და ავარიულია, არსებობს წაქცევის საშიშროება და უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ მოჭრას საჭიროებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com