ახალი ამბები

ანა ნაცვლიშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ასეთი თვითნებური

22 თებერვალი, 2016 • 1313
ანა ნაცვლიშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ასეთი თვითნებური

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, იმისთვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან დაეთხოვათ, მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება უნდა დაწყებულიყო.

“მოქმედი კანონმდებლობით სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება გათვალსიწინებულია ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც ხდება დისციპლინური სანქციის დაკისრება. იმისთვის, რომ მოსამართლეს დაეკისროს დისციპლინური სანქცია, კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ უნდა იყოს დისციპლინური სამართლაწარმოება მის წინააღმდეგ და ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული არა მხოლოდ საბჭო, არამედ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი უნდა იყოს დადასტურებული სადისციპლინო კოლეგიის და შემდეგ უკვე დისციპლინური პალატის მიერ, რომელიც უზენაეს სასამართლოში არსებობს. ანუ სამი ინსტანციაა – საბჭო, რომელმაც უნდა შეისწავლოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყოს თუ არა დევნა და გადაგზავნო თუ არა ეს საქმე კოლეგიაში. და შემდეგ უკვე პალატა. ანუ ეს არის გაწერილი პროცესი, რომელსაც აქვს თავისი წესი, პროცედურა, ვადები. ეს პროცესი ბუნებაში არ არსებობს, ამ მიმართულებით ახვლედიანის მიმართ დისიცპლინური სამართალწარმოება არ დაწყებულა. ვიცით, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება, მაგრამ სხვა საქმესთან დაკავშირებით, სხვა საფუძვლით. ამ ნაწილში, რის გამოც ის თანამდებობიდან გადააყენეს, სამართალწარმოება საერთოდ არ ჩატარებულა. შესაბამისად, აბსოლუტურად გაურკვეველია, თუ სამართალწარმოება არ დაწყებულა, რის საფუძველზე დააკისრა საბჭომ დისციპლინური სანქცია – თანამდებობიდან გათავისუფლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, სხვა შემთხვევაში, თანამდებობიდან გათავისუფლებას, როგორც ასეთს, კანონმდებლობა სხვა საფუძველს  არ იცნობს, თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩადენას. ამიტომ გაურკვეველია ეს საკითხი. საბჭომ შეიძლება გააკეთოს აპელირება იმაზე, რომ საერთო სასამართლოების კანონში მას აქვს უფლებამოსილება, დანიშნოს და გაათავისუფლოს სასამართლოს თავმჯდომარეები, მაგრამ ეს ვერ იქნება შეუზღუდავი, ბუნდოვანი უფლებამოსილება, ის მიბმული უნდა იყოს კონკრეტულ პროცედურებთან და კონკრეტულ საფუძლებთან”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

იურისტის განმარტებით, სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხებს “საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს.

“გაურკვეველია, რა კანონის საფუძველზე მიიღო საბჭომ გადაწყვეტილება. თუ ამოვალთ მოსამართლის ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიებიდან და, მეორე მხრივ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონიდან, მთელი სულისკვეთება ამ კანონმდებლობის არის ის, რომ მოსამართლე იყოს მაქსიმალურად დაცული და მის მიმართ რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ იყოს ასე განუჭვრეტადი და თვითნებური, მათ შორის საბჭოს მხრიდან. ამ სულისკვეთებას მთლიანად ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ისე წაკითხვა, თითქოს საბჭოს ეს უფლებამისლება გააჩნია”, – განმარტავს ანა ნაცვლიშვილი.

დღეს, 22 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს უფლებამისლება შეუწყვიტა. საბჭოს წევრის, შოთა გეწაძის განცხადებით, ახვლედიანმა არ გაითვალისწინა საბჭოს რეკომენდაცია და თვითნებურად გააუქმა ვიწრო სპციალიზაციები საქალაქო სასამართლოში, რამაც  სისხლის სამართლის კოლეგიაში საქმეთა განაწილების წესი შეცვალა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტან მჭედლიშვილი ერთადერთი  იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელმაც 12 წევრის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა ახვლედიანი დათხოვნას დაკავებული თანამდებობიდან. მჭედლიშვილის განმარტებით, საბჭო ამ გადაყვწტილებით საკუთარ უფლებამოსილებას გასცდა.

თავად მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მისი თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირადი შურისძიებაა. როგორც ახვლედიანმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, იგი დანებებას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი