ახალი ამბები

თსუ-ს განმარტება მეოთხე ეროვნული ლგბტ კონფერენციის გაუქმების თაობაზე

22 თებერვალი, 2016 • 2469
თსუ-ს განმარტება მეოთხე ეროვნული ლგბტ კონფერენციის გაუქმების თაობაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ უნივერსიტეტში ლგბტ კონფერენცია კი არა, გენდერის ინსტიტუტის კვლევების პრეზენტაცია იყო დაგეგმილი, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც იყო “იდენტობა”.

“ეს არ იყო ლგბტ კონფერენცია. გენდერის ინსტიტუტმა სტუდენტური კვლევის კონფერენცია დაგეგმა, სადაც ერთ-ერთი მონაწილე, როგორც ამ თემაზე მომუშავე, უნდა ყოფილიყო იდენტობა. ეს იყო მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმაურიანი განცხადებები, თვითონ გენდერის ინსტიტუტმა გადაწყვიტა, რომ ეს კონფენერცია აქ აღარ ჩატარებულიყო”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” თსუ-ში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” აცხადებს, რომ მეოთხე ლგბტ კონფერენცია კანადის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, ხოლო გენდერის კვლევის ინსტიტუტთან თანამშრომლობა იმაში გამოიხატება, რომ ისინი თსუ-ში ფართის გამოყოფას სთავაზობდნენ.

“იდენტობას კონფერენცია იყო, ოღონდ “იდენტობა” თანამშრომლობდა თსუ-ს გენდერის ინსტიტუტთან. თსუ-ში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდა თსუ-ს გენდერის ინსტიტუტს, თუმცა მუქარის გავრცელების შემდეგ თვითონ გენდერის ისნტიტუტმა თქვა უარი თსუ-ში კონფერენციის ჩატარებაზე. ჯერ თსუ-ს პიარმა გვითხრა უარი, შემდეგ გენდერის ინსტიტუტისგან გავიგეთ, რომ ისინიც უარს ამბობდნენ პასუხისმგებლობის აღებაზე უსაფრთხოების ნორმების გამო”, – განაცხადეს “იდენტობაში”.

გენდერის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თამარ საბედაშვილი ამბობს, რო ლგბტ ეროვნული კონფერენციის გადადება მუქარის შემცველი განცხადებების გამო გადაწყვიტეს:

“ნარგიზა არჯევანიძე, რომელიც არის ჩვენი თანამშრომელი, ასევე თანამშრომლობს “იდენტობასთან” და ხელმძღვანელობს რამდენიმე სტუდენტს. რამდენიმე კვლევითი თემა ჰქონდათ ლგბტ საკითხებთან დაკავშირებით. იცით, რომ განცხადებები გაკეთდა და რომ აგვერიდებინა გაუგებრობა  და სტუდენტები არ ჩაგვეყენებინა ისეთ მდგომარეობაში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეტანა კონფერენცია. უნივერსიტეტს არ ჰქონდა პოზიცია, რომ გადადებულიყო კონფერენცია, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, როგორც ორგანიზატორების.  ჩვენ გვაქვს გამოცდილება ასეთ საკითხებზე მუშაობის და ჩავთვალეთ, რომ შეიძლება მომხდარიყო გარკვეული გაუგებრობები”, – განაცხადა საბედაშვილმა.

დღეს, 22 თებერვალს თსუ-ში უნდა ჩატარებულიყო მეოთხე ეროვნული ლგბტ კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა მუქარის შემცველი განცხადებების გამო კონფერენცია “იდენტობამ” საკუთარ ოფისში გამართა.

მეოთხე ეროვნული ლგბტ კონფერენციის დაგეგმვის შემდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელდა მიმართვები, რომ არ უნდა დაეშვათ თსუ-ში ლგბტ კონფერენციის გამართვა, ასევე დაიგეგმა აქცია თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, თუმცა თსუ-ში კონფერენციის გაუქმების შემდეგ აქციაც გაუქმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი