პარლამენტმა სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კანონი მიიღო

19 თებერვალს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 74 ხმით არცერთის წინააღდეგ დაამტკიცა  კანონპროექტი “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რომლის მიზანი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების მიზეზს საქართველოს სამთო-სათხილამურო ზონებში და შესაბამისს კურორტებზე უსაფრთხოების ნორმების არარსებობა და მისგან გამომდინარე საფრთხეები წარმოადგენდა:

“წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს თოვლზე/ყინულზე სასრიალო ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაწესებას და აღნიშნული გზით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხეების პრევენციას.”

დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, იკრძალება თოვლმავალი საშუალების მართვა და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან გზაზე(ტრასაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სრიალი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას. ამასთან, კანონპროექტით თოვლმავლის მართვის უფლების მქონე პირის ასაკი განისაზღვრება 16 წლით.

ასევე, იკრძალება თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ იმგვარად სარგებლობა, როდესაც ის აშკარად, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სოცოცხლესა ან/და ჯანმრთელობას.

კანონპროექტის მიხედვით, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) თოვლმავლის მძღოლებს ეკრძალებათ თოვლმავლით გადაადგილება, გარდა თოვლზე/ყინულზე სასრიალო ტერიტორიაზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სამაშველო, სარეაბილიტაციო და საპოლიციო და სხვა მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა, რომელთა თოვლმავალი საშუალებები აღჭურვილი იქნას არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული ციმციმათი.

მიღებული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თოვლმავლის მართვის წესებს. კერძოდ, ველოსიპედის, მოპედის და ელექტროთვითმგორავის მსგავსად, თოვლმავლის, მოტოციგების მძღოლებს ეკრძალებათ თოვლმავლით გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. ასევე განისაზღვრება თოვლმავის ბუქსირების წესები.

ველოსიპედის და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მგზავრის გადაყვენა (გარდა 7 წლამდე ბავშვებისა, თუ ეს ტრანსპორტი საიმედო საფეხურებითა და დამატებითი დასაჯდომითაა აღჭურვილი). მოტოციკლის და თოვლმავლის, მოტოციგის მძღოლებს მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ მხოლოდ ეტლით ან/და მძღოლის უკან მოწყობილი დამატებითი დასაჯდომით მხოლოდ სპეციალიზებული შესაბამისი ჩაფხუტით.

გადაადგილებისას ნებისმიერმა მძღოლმა და მათმა მგზავრებმა უნდა გამოიყენონ ჩაფხუტები.

თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის, სასრიალო ფერდობის და გზის შესაბამის საზღვრებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო. მთავრობის მიერ ასევე განისაზღვრება ასეთ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ქცევის წესების განსაზღვრაზე უფლებამოსილი ორგანო.

პარლამენტმა ასევე 76  ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ადგენს ფინანსურ სანქციებს.

კანონპროექტის მიხედვით, მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით (გარდა თოვლმავლისა და მოტოციგისა) თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, წლის განმავლობაში იმავე ქმედების გამეორება გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას. ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.

ასევე, თოვლმავლით ან მოტოციგით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობზე/გზაზე, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილებში გადაადგილებისას განსაზღვრული წესების დარღვევა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას, ხოლო იმავე ქმედების განმეორება წლის განმავლობაში 200 ლარით დაჯარიმების საფუძველი იქნება.

თოვლმავლის/მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან/ და თოვლმავლის/მოტოციგის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, იმავე ქმედების განმეორება 200-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ამ მუხლით გათვალისწინებული ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური თრობა გამოვლინდა ტესტირების მეშვეობით, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან ორი საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი ეგზავნება სათანადო საექსპერტო დაწესებულებას.

სასრიალო ტრასით მოსარგებლე პირის მიერ ტრასით იმგვარად სარგებლობა, როდესაც იგი აშკარად, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სოცოცხლესა და ჯანმრთელობას, გამოიწვევს წერილობით გაფრთხილებას. იმავე ქმედების განმეორება იმავე დღეს გამოიწვევს 20 ლარით დაჯარიმებას.

კანონპროექტზე იურიდიული დეპარტამენტის და საბიუჯეტო ოფისის დასკვნა დადებითია. საქართველოს მთავრობა პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას თხოვს.

14 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბაკურიანში ბორანით სრიალის დროს დაშავდა. ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე კი გუდაურში სპორტულ ტრასაზე სკოლის მოსწავლე გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი – დაშავდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.