ახალი ამბები

“უნდა ავამაღლოთ პროფესიული განათლების პრესტიჟი” – პრემიერი გერმანულ მოდელზე საუბრობს

20 თებერვალი, 2016 • 1994
“უნდა ავამაღლოთ პროფესიული განათლების პრესტიჟი” – პრემიერი გერმანულ მოდელზე საუბრობს

პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა, თუ რას გულისხმობდა პროფესიული განათლების გერმანულ მოდელში.

მან ისაუბრა იმაზეც, რომ სახელმწიფო ფულს ხარჯავს საჭიროზე 5–ჯერ მეტი ბანკირისა და დიპლომატის განათლების დაფინანსებაში, მაშინ, როდესაც გარკვეულ პრფესიულ მიმართულებებზე კერძო სექტორს უწევს, კადრები თავად გადაამზადოს.

კვირიკაშვილმა დაანონსა, რომ იგეგმება, უმაღლესი განათლების დაფინანსებიდან რესურსების ნაწილი პროფესიულ განათლებაში გადმოიტანონ.

“პირველივე განცხადებაში, როდესაც მე ვთქვი გერმანული მოდელი, სამწუხაროდ, მე არ განვმარტე შემდგომში კარგად, და ამან ამ განცხადების გარკვეული მისინტერპრეტაცია გამოიწვია. ალბათ ჩემი ბრალიც იყო, რომ ბოლომდე უნდა განმემარტა ეს საკითხი. გერმანულ მოდელში არ მიგულისხმია უმაღლესი განათლების გერმანული მოდელი, მე ვიგულისხმე პროფესიული განათლების გერმანული დუალური განათლების სისტემა. ამას, რა თქმა უნდა, თან უნდა ახლდეს უმაღლესი განათლების არსებული მოდელის მნიშვნელოვანი რეფორმა, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ იმ რესურსის გამოთავისუფლებას, რომელიც აუცილებელი არის გერმანული დუალური პროფესიული განათლების სისტემის შექმნისათვის.

შეიძლება ვიღაც ამას არ დაეთანხმოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ მთავრობა ხარჯავს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს იმისათვის, რომ ჩვენ ყოველწლიურად გამოვუშვათ უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდების ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება, რომ სრულად ვერ საქმდებოდეს. სულ ბოლო მონაცემებით, რომელიც მე მაქვს განათლების სამინისტროდან, 40%–ზე ნაკლებია უმაღლესსასწავლებელდამთავრებული ადამიანების დასაქმების განაკვეთი. ეს, მე ვიტყოდი, რომ არის ძალიან დაბალი განაკვეთი, ვინაიდან, ეს ნიშნავს, რომ 60% იმ ადამაინებისა, რომლებსაც ან მთავრობამ დაუფინანსა მთლიანად განათლება, ან მთავრობამ თანადაფინანსება გასწია მათ მიერ გასაწევი ხარჯის, ეს ნიშნავს, რომ მათ საკუთარი ჯიბიდან, ხშრად, დიდი გაჭირვების ფასად, დააფინანსეს უმაღლესი განათლება, მათ დაასრულეს ეს განათლება და ვერ დასაქმდნენ.

უფრო მეტსაც ვიტყვი, 40% იმ ადამიანებისა, ვინც საქმდებიან, ეს არ არის ყოველთვის პროფილით დასაქმებული ადამიანები, ანუ იმ პროფესიით დასაქმებული ადამაინები, რომლებიც 4 წლის განმავლობაში სწავლობენ ამა თუ იმ პროფესიას.  ეს რომ შესაცვლელია, მე არ მგონია, ვინმეს ამაზე კითხვა უჩნდებოდეს. ანუ, ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ უმაღლესკურსდამთავრებულ ადამაინებს, რომლებიც ასრულებენ განათლებას იმით, რომ პოულობენ იმედგაცრუებას, ვერ საქმდებიან, მინიმუმ საკუთარი პროფესიით ვერ საქმდებიან და მათ უწევთ სხვა პროფილით დასაქმება, შემდეგ გადამზადება და ამ გადამზადებაში ხშირად არის კერძო სექტორი ჩართული.

მე შემიძლია უამრავი ადამიანი მოვიყვანო კონკრეტული ადამიანების მიერ ჩემდამი მოტანილი იმ მაგალითებისა, როდესაც კერძო კომპანიებს მიუწიათ ფულის გადახდა იმაში, რომ გაეგზავნათ ჩვენი თანამოქალაქეები, რათა მათ ესწავლათ, მაგალითად, მეცხოველეობის კვების ტექნოლოგია, ვეტერინარია, ოღონდ, რა თქმა უნდა, იმ თანამედროვე მიმართულებით. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ხშირად, ჩვენ, ამა თუ იმ მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტის სპეციალისტს ვერ ვამზადებთ საქართველოში.  ამ დროს, ჩვენ ვიხდით ფულს იმაში, რომ გვყავდეს 5–ჯერ მეტი ბანკირი ყოველწლიურად გამოშვებული, დიპლომატი, როდესაც, ზუსტად თუ არა 10%–ის სიზუსტით შეგვიძლია დავთვალოთ, რამდენი დიპლომატი გვჭირდება, რამდენი ბანკირი გვჭიერდება, რამდენი ბუღალტერი თუ ფინანსისტი გვჭირდება და ა.შ.

ამაზეა ლაპარაკი, რომ რეალურ მოთხოვნაზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა შევქმნათ. როცა ამა თუ იმ სიზუსტით, ეს იქნება 10–20%–ის სიზუსტით, ჩვენ დავაფინანსებთ ამა თუ იმ პრფესიებს, რომლებიც ჩვენ რეალურად გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამაინი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მიიღოს უმაღლესი განათლება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იღებს ამ განათლებას, რომ სახელმწიფო აფინანსებს ამ მიმართულებას. ჩვენ უნდა ავამაღლოთ პროფესიული განათლების პრესტიჟი, გერმანია როდესაც ვახსენე, გერმანიაშ პროპორცია უმაღლესდამთავრებულებსა და პროფესიულ განათლებაგავლილებს შორის არის დიამეტრულად განსხვავებული საქართველოში არსებულ პროპორციასთან. გაცილებით მეტი ადამიანი არის გერმანიაში ჩართული პროფესიულ განათლებაში.

პროფესიულ განათლებაში ჩვენ უნდა დავაფინანსოთ კერძო სასწავლებლებიც. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ კერძო ბიზნესი ჩავრთოთ თანადაფინანსების სისტემაში და ჩვენ გაცულებით უფრო ეფექტიანად დავხარჯოთ ის რესურსი, რომელიც გაგვაჩნია. გარკვეული რესურსის გადამისამართება მოგვიწევს უმაღლესი განათლებიდან პროფესიულ დუალურ განათლებაზე და გარკვეულ უმაღლეს სასწავლებლებს, რა თქმა უნდა, მოუწევთ რეპოზიციონირება, რათა მათ შეძლონ უკვე ახალი დაფინანსების სისტემაზე რეაგირება და პროფილის შეცვლა, თუ სხვადასხვა სპეციალისტების მოწვევა, რათა მათ მომავალშიც მიიღონ დაფინანსება, ოღონდ უკვე სხვა პროფილით,”– განმარტავს კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი