ახალი ამბები

ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი – მედვედის გრან-პრის გამარჯვებულები

20 თებერვალი, 2016 • 2410
ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი – მედვედის გრან-პრის გამარჯვებულები

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრე მედვედის გრან-პრის გათამაშებაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო და 3 ბრინჯაო. ტურნირი ბელორუსის დედაქალაქ მინსკში 18-19 თებერვალს გაიმართა.

ტურნირის ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (70) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ, ხოლო მესამე ადგილები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61), დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძემ (125) დაიკავეს.

ზურაბ იაკობიშვილმა (70) პირველ შეხვედრაში რუსი შარაპ გიტინოვი დაამარცხა 5-0, მომდევნო წრეში კი თანაგუნდელ დავით ტლაშაძეს მოუგო 6-2, მეოთხედფინალში რუს რუსტამბეკ მასხადოვს სძლია 9-2. იაკობიშვილმა ნახევარფინალში ამერიკელი აარონ პიკო დაამარცხა 5-3, ფინალში კი რუს ამირე ბერუკოვს დამაჯერებლად მოუგო 9-4.

გენო პეტრიაშვილმა (125) რუსი ანზორ ხიზრიევის ძლევით დაიწყო 10-3, მომდევნო წრეში თანაგუნდელ გიორგი საკანდელიძეს მოუგო 6-0. პეტრიშვილმა ნახევარფინალში ირანელების ოლიმპიური პრიზიორი კომეილ გასემი დაამარცხა 9-4, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ საიდ გამიდოვს 3:40 წუთში მოუგო 10-0.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, დავით მარსაგიშვილისა და ელიზბარ ოდიკაძის გარდა, ბრინჯაოსთვის იჭიდავეს ოთარ გოგავამ (57), კოტე ხაბალაშვილმა (65), დავით ტლაშაძემ (70), სანდრო ამინაშვილმა (86) და გიორგი საკანდელიძემ (125), თუმცა მათ მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდს მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი და მწვრთნელები ალეკო კახნიაშვილი, დავით პოღოსიანი, ემზარი ბედინეიშვილი და არჩილ ქიტიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი