ახალი ამბებისაზოგადოება

დაძლიეთ სიჩუმის წრე – გაეროს ექპერტი ქალთა მიმართ ძალადობაზე

20 თებერვალი, 2016 • 1757
დაძლიეთ სიჩუმის წრე – გაეროს ექპერტი ქალთა მიმართ ძალადობაზე

გაეროს სპეციალური მომხსენებელი და ადამიანის უფლებათა ექსპერტი დუბრავკა სიმონოვიჩი საქართველოში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მხრივ არსებულ საერთო მდგომარეობას სავალალოდ არ მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მხრივ მიღწეული შედეგები საკმარისი არ არის და პრობლემა კვლავ რჩება. მის ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ მიზეზად კი ექსპერტი საზოგადოების მდუმარებას და ოჯახური ძალადობის ნორმად აღიარებას ასახელებს. ექსპერტი საჭიროდ მიიჩნევს დაუყონებლივ გააქტიურდეს კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

“კანონის განხორციელებას კი ხელს უშლის პატრიარქალური საზოგადოების დამოკიდებულება და გენდერული სტერეოტიპები. საზოგადოება გენდერულ ძალადობის მიმართ ტოლერანტულია. ოჯახური ძალადობა ოჯახის პირად პრობლემად აღიქმება და ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, საჯაროდ განსახილველ პრობლემას არ წარმოადგენს,” – აცხადებს სიმონოვიჩი.

ექსპერტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში მოქმედებს გენდერული თანასწორობის საბჭო, პრემიერ-მინისტრს ჰყავს მრჩეველი გენდერულ საკითხებში, არ არსებობს კონკრეტული კანონმდებლობა გენდერული ძალადობის შესახებ და ყოვლისმომცველი ეროვნული მექანიზმი.

როგორც სიმონოვიჩი აცხადებს, მისი სამუშაო ვიზიტისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიკვეთა. მათ შორის პოლიციის ოფიცერთა არასათანადო მუშაობის პრაქტიკა. როგორც ის ამბობს, პოლიციის ოფიცერი დღემდე ეკითხება შემთხვევის ადგილზე ძალადობის მსხვეპლ ქალს, თუ რა ჩაიდინა მან ისეთი, რომ მსგავსი მოპყრობა დაიმსახურა.

“მე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გააგრძელოს პოლიციის ოფიცერთა გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დასრულდეს ეს პრაქტიკა. სოციალური მუშაკები და სხვა პროფესიონალები, მათ შორის ექიმები და მასწავლებლები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ძალადობის გამოვლენაში.”

ექსპერტმა ასევე, ისაუბრა გოგონებში ადრეული ქორწინების შესახებ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 18 წლამდე მიუღწეველ გოგონებს შორის 14% დაქორწიებულია. ის რეკომენდაციით მიმართავს განათლების სამინისტროს, რომ იზრუნოს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ ინფორმაციის სასწავლო პროგრამებში მოსახვედრად.

გაეროს ექსპერტი მოუწოდებს სახელმწიფოს რომ აწარმოოს ფემიციდის სტატისტიკა; უფრო მკაცრად და ზედმიწევნით გამოიძიოს ქალთა მკვლელობების ფაქტები, განსაკუთებით, როდესაც ის ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ხდება.

სიმონოვიჩი დადებითად აფასებს ქალთა კვოტირების შესახებ კანონის სამუშაო ვერსიას და აცხადებს, რომ ქალთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლა მნიშვნელოვანია. ამჟამად, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 17-ია ქალი. ინტერ-საპარლამენტო კავშირის 2015 წლის მონაცემებით, ამ შედეგით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილს იკავებს.

“საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესს ეს სჭირდება. ვეთანხმები იმ აზრს, რომ მხოლოდ რაოდენობრივი გათანაბრება გავლენას ვერ მოახდენს ხარისხობრივად შემდეგში შესრულებულ საქმესა და მიღებულ ცვლილებებზე, მაგრამ ჩვენ ამას არ ვუყურებთ მხოლოდ ერთ ჭრილში. ჩვენ გვინდა გენდერული ბალანსი და ქალთა პოლიტიკური ჩართულობა. ამისათვის ქალებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია. შესაბამისი კანონის ამოქმედებამ სხვადასხვა ქვეყანაში დადებითი გავლენა იქონია პროცესის დაჩქარებაზე,” – აცხადებს ექსპერტი.

სიმონოვიჩი ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის შს მინისტრის მოადგილესა და იუსტიციის მინისტრს. სიმონოვიჩი იმყოფებოდა თბილისში, ასევე კახეთსა და შიდა ქართლში. ექსპერი ეწვია ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშეფარს და ადგილზე გაეცნო იქ მცხოვრებთა პრობლემებს.

ვიზიტის დროს მოპოვებული ინფორმაციის საფუზველზე მომზადებულ საბოლოო ანგარიშსა და შესაბამის რეკომენდაციებს დუბრავკა სიმონოვიჩი ივნისში გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი