ახალი ამბები

მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი კენჭისყრაზე დღეს არ გავიდა

19 თებერვალი, 2016 • 1465
მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი კენჭისყრაზე დღეს არ გავიდა

მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე გოგა ხაჩაძიმე მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს, კენჭისყრაზე არ დააყენა.

მან ეს ფაქტი დარბაზის განწყობებითა და გარკვეული დროის საჭიროებით ახსნა, თუმცა ხაჩიძის თქმით, კანონპროექტი კენჭისყრაზე მომდევნო სესიაზე დადგება.

გოგა ხაჩიძის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, კანაფის, კანაფის ექსტრატის და ნაყენის, ასევე გამომაშრალი/ნედლი მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შეხახვა, ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

” ნარკოტიკული საშუალების – კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც. განმეორებით აღნიშნული ქმედების ჩადენა არ უნდა იწვევდეს პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ხოლო “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, ამ ნივთიერებების მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარია.

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარება ისჯება 500- ლარიანი ჯარიმით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად სცნო კანონის ის ნორმა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.

ბექა წიქარიშვილმა, რომელიც მარიხუანის მოხმარების გამო დააპატიმრეს და 14-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, გირაოთი განთავისუფლების შემდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანის მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი