ახალი ამბები

ნარმანია პროკურორის შვილის შესაძლო დაფინანსებაზე განმარტებას არ აკეთებს

18 თებერვალი, 2016 • 1181
ნარმანია პროკურორის შვილის შესაძლო დაფინანსებაზე განმარტებას არ აკეთებს

თბილისის მერია ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. როგორც ნეტგაზეთს მერიაში განუცხადეს, არ იციან გააკეთებენ თუ არა განმარტებას.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით თბილისის ერთ-ერთი რაიონული პროკურორის შვილმა მერიისაგან დაფინანსების სახით 5400 ლარი მიიღო.

‘”საზღვარგარეთ, საფრანგეთში (პარიზი) სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად, მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით თბილისის 2015 წლის ბიუჯეტიდან დახმარების სახით, გამოეყოს 5 400 ლარი”, – ნათქვამია  სავარაუდოდ “თბილისის მერის მიერ გასული წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების ასლში”, რომელიც დღეს მელიამ გაასაჯაროვა.

“ეს არის ნარმანიას მიერ გამოცემული დამცინავი და საზოგადოების აბუჩად ამგდები ბრძანება”, – ამბობს მელია და აგრძელებს:

“ნარმანიამ პროკურორის ქალიშვილს, პარიზში გასამგზავრებელი თანხა სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან ჩაურიცხა და იქვე აღნიშნა – პარიზში სწავლობს, თუმცა მისი ოჯახს ძალიან უჭირსო…

ნორმალური ხელისუფლების პირობებში ნარმანია მინიმუმ ბოდიშს მოიხდიდა, ხოლო პროკურორს აუცილებლად მოუწევდა თანამდებობის დატოვება”.

ზემოხსენებული პროკურორისა და მისი შვილის მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს ნეტგაზეთი არ ასახელებს იმის გამო, რომ ხელთ სათანადო ფაქტობრივი ინფორმაცია არ აქვს. მერიაში ამ დრომდე არ პასუხობენ კითხვას, ავთენტურია თუ არა ეს დოკუმენტი. ზემოხსენებული პროკურორის მიერ 2015 წელს შევსებული დეკლრაცაიის მიხედვით, მას წლის განმავლობაში 38 560 ლარი აქვს გამომუშავებული. გარდა ამისა, დეკლარაციის შევსებისას ფლობდა ფულად თანხას: 4900.00 ლარის და 1000.00 ევროს ოდენობით.  ამასთან, იგი თბილისში ფლობს 168 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ბინას და 1260.00 კვ.მ მიწის ფართობს ლიკანში. მას 2011 წელს 50721 დოლარის იპოთეკური სესხი აქვს აღებული რის გამოც 2014 წელს ჯამში 8300 დოლარის გასავალი უფიქსირდება.

მელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არც პროკურატურაში გაკეთებულა. ხოლო პროკურორის ბინაში ტელეფონს არ პასუხობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი