ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კვლევამ თბილისსა და სოხუმში ჟენევის დისკუსიებში ქალთა მონაწილეობის საჭიროება გამოავლინა

18 თებერვალი, 2016 • 1668
კვლევამ თბილისსა და სოხუმში ჟენევის დისკუსიებში ქალთა მონაწილეობის საჭიროება გამოავლინა

თბილისსა და სოხუმში პარალელურ რეჟიმში, კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო პროცესსა და მასში ქალთა მონაწილეობაზე კვლევა ჩაატარეს. ორივე კვლევამ აჩვენა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა ერთადერთ, ჟენევის პროცესში ქალების მონაწილეობით, მეტის გაკეთება შეიძლება.

“ქალებს, რომელთაც გააჩნიათ კონფლიქტურ მხარესთან ერთობლივი მუშაობის მდიდარი და მრავალმხრივი გამოცდილება, რომლებმაც განვლეს გრძელი და რთული გზა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში უშუალო დიალოგის დასამყარებლად და ნდობის აღსადგენად, მაშინაც კი, როდესაც ნებისმიერი დიალოგი პოლიტიკურ ასპარეზზე წამოუდგენელია, შეუძლიათ არა მარტო იდეათა კაპიტალის ინვესტირება კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში, არამედ სამშვიდობო ინიციატივების გატარება და ახალი, ალტერნატიული მიდგომების შეთავაზება ქართულ აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისთვის”, – ამბობს კვლევის ავტორი ქართული მხარიდან, ეკატერინე გამახარია.

კვლევა 2015 წელს შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის დაფინანსებით ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ჩაატარეს. ქართულ მხარეს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი” წარმოადგენდა. აფხაზეთში გამოკითხვა აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ [Ассоциация женщин Абхазии (АЖА)] ჩაატარა. მისი შედეგები ქართულ მხარეზე ადრე, 2015 წლის დეკემბერში გაასაჯაროვეს.

ერთდროულად მიმდინარე გამოკვლევაში დასმული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ჟენევის მოლაპარაკების პროცესის, პროგრესისა და პრობლემების შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა; ამ ფორმატში განხილული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი, მოლაპარაკებებში ქალთა როლის გაზრდაზე რეკომენდაციები და ა.შ.

ქართული მხარიდან 18 ადამიანი [ფოკუს ჯგუფი და ჩაღრმავებული ინტერვიუები] გამოიკითხა. ეს ადამიანები, როგორც პროექტის წარმომადგენელი, ეკატერინე გამახარია ამბობს, სახელმწიფო სტრუქტურების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან, ისინი, ვინც უშუალოდ დაკავშირებული არიან კონფლიქტის დარეგულირების და სამშვიდობო პროცესებში ქალთა როლის ამაღლების საკითხებთან, აგრეთვე ფლობენ ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ.

კვლევამ ქართულ მხარეს გამოკითხულთა შორის აჩვენა, რომ საზოგადოებაში ჟენევის პროცესის შესახებ დაბალი ინფორმირებულობაა და მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა არსებობს მასზე. ამასთან, ჟენევის ფორმატის არაპოპულარობის მიზეზედ დასახელებულია ის ფაქტორი, რომ “მოლაპარაკებები უშედეგოა”, ან “არ არსებობს ხელშესახები შედეგები”.

გამოკითხულები ორივე მხარეს, აცხადებენ, რომ რომ მთავარი მოქმედი პირები მეტ ძალისხმევას უნდა ავლენდნენ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის, და თავად უნდა აცნობდნენ საზოგადოებას თითოეული რაუნდის შემდეგ მიღწეულ შედეგებს.

გამახარიას თქმით, კვლევის პროცესში გამოიკვეთა უფრო მოქნილი, ეფექტური ფორმატის პოვნის აუცილებლობა, რომლის დროსაც აფხაზურ და ოსურ მხარეებს პირდაპირი ოფიციალური დიალოგის შესაძლებლობა ექნებათ ქართულ მხარესთან.

“იყო ასეთი წინადადებაც – შიეცვალოს ფორმატი იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს მასში საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობის მოზიდვა და ჩართვა, მეტი რაოდენობის ქალის ჩართვა და ორივე მხრიდან “კრიტიკული მასის” შექმნა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პროცესს ახალი მიდგომებით და იდეებით გამდიდირებაში და გაკეთილშობილებაში”, – წერს გამახარია.

კვლევის ქართული მხარის მონაწილეებმა დაასახელეს, ასევე რამდენიმე, მათი აზრით მნიშვნელოვანი საკითხი თუ პრობლემა, რომელიც სწორედ ჟენევის ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

ეს საკითხებია, ენგურის ხიდის რემონტი ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სასმელი წყლის დაბინძურების საკითხი გალის რაიონში, ქალებისთვის შვილებისა და ქმრების საფლავებზე ჩასვლა, ეს და სხვა ყოფითი პრობლემები, რომლის მოგვარებასაც, კვლევაში მონაწილეთა თქმით, ქალები მეტად ლობირებენ.

რესპონდენტთა აზრით, ქალებს არა მხოლოდ შეუძლიათ წარმოადგინონ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ ეხება არსებული სიტუაცია ქალებსა და ბავშვებს, არამედ შეთავაზონ არასტანდარტული მიდგომები ოფიციალურ მოლაპარაკებებში.

ზოგიერთი რესპონდენტი აფხაზური მხრიდან მიიჩნევს, რომ დღეს აფხაზეთში უფრო მარტივია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე ქალებს შორის იპოვო მომლაპარაკებელი, თუმცა, “ოფიციალურ საგარეო პოლიტიკაში ქალები არ ჩანან”.

“აფხაზურ დელეგაციაში ქალების არარსებობა ჟენევის დისკუსიების პრობლემა არ არის მხოლოდ. ეს არის საერთო სიტუაციის მაჩვენებელი, რომ ოფიციალურ პოლიტიკაში გენდერული ბალანსი არ არსებობს”,- წერს აფხაზეთში გამოკვლევის ავტორი, ლიანა კვარჩელია.

თუმცა, აფხაზეთში გამოკითხული კაცების ნაწილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი და არა გენდერული კვოტები.

ქართულ მხარის დელეგაციაში ჟენევის მოლაპარაკებებში სამი ქალია. აფხაზურში – არცერთი.

“აფხაზეთში ბევრი პროფესიონალი და ამბიციური ქალია, ლიდერის თვისებებით. თუმცა, საჭიროა პირობების შექმნა იმისთვის, რომ ქალებს არ უწევდეს არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის. სახელმწიფო და საზოგადოება დაინტერესებული უნდა იყოს ეკონომიკური და სოციალური გარემოს პირობების შექმნაში ქალთა ფართო წრის მონაწილეობისთვის. სხვა შემთხვევაში, აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო გაღარიბდება”, – წერს გამოკითხვის ავტორი ლიანა კვარჩელია.

რაც შეეხება ზოგად აზრს მოლაპარაკებათა ოფიციალურ ფორმატზე, აფხაზური მხარის მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუცილებელია ჟენევის დისკუსიების გაგრძელება, რამდენადაც ეს აფხაზეთს შესაძლებლობას აძლევს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტაქტები შეინარჩუნოს, და ამასთან, ის არის კომუნიკაციის არხი უშუალოდ კონფლიქტის მხარეებს შორის.

“თუ აფხაზური მხარე უარს იტყვის ჟენევაში მონაწილეობაზე, მის პოზიციას სხვები, საკუთარი ინტერპრეტაციებით გაახმოვანებენ. ეს ფორმატი ინფორმაციის გაცვლის საშუალებაა კულუარებშიც. ნებსიმიერი მოლაპარაკება, ძალადობის ალტერნატივაა”, – წერია დოკუმენტში.

ამასთან, აფხაზეთში გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ საჭიროა ჟენევაში ცალკე ქართულ-აფხაზური დარეგულირების პროცესი არსებობდეს, რამდენადაც “არსებული ფორმატი საშუალებას არ იძლევა ხშირად ვიწრო ჭრილში განიხილებოდეს აფხაზურ-ქართული საკითხი”.

კვლევის შედეგები, როგორც მისი ავტორი ამბობს საქართველოდან, საფუძვლად დაედება ოფიციალურ მოლაპარაკებებში ქალთა მონაწილეობის ადვოკატირებას, და შესაბამისად, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების პრობლემების მოგვარებას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შეიქმნა. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები. ფორმატში მონაწილეობენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე წარმომადგენლები სოხუმიდან და ცხინვალიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი