ახალი ამბები

ადვოკატი: კადიევს ლტოლვილის სტატუსზე სამინისტრომ კვლავ უარი უთხრა

18 თებერვალი, 2016 • 1134
ადვოკატი: კადიევს ლტოლვილის სტატუსზე სამინისტრომ კვლავ უარი უთხრა

მიკაელ კადიევის ადვოკატი მალხაზ პატარაია აცხადებს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კადიევის საქმეზე სასამართლოს მითითებების არსებითი ნაწილი არ შეასრულა. ამის შესახებ მან დღეს, 18 თებერვალს სერგო რატიანთან და ნუგზარ წიკლაურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“ლტოლვილთა სამინისტრომ კადიევს სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ხელახლა უთხრა უარი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ჩვენ ისევ ვასაჩივრებთ სასამართლოში. ხელისუფლება სერიოზულად არის დაინტერესებული, რომ კადიევი გადასცეს რუსეთს. იმდენად უსუსური და თავხედურია ეს უარი, რომ სხვა დასკვნის საშუალებას არ იძლევა. სასამართლოს მითითების არსებითი ნაწილი სამინისტრომ არ შეასრულა. ხვალ იწყება პროცესი და ვფიქრობთ, რომ მხოლოდ სასამართლოს და მხოლოდ ამ პროცედურის იმედით ადვილად შესაძლებელია, რომ კადიევი გადასცენ რუსეთს. მით უფრო რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში იყო ამაზე საუბარი და რუსეთი მის გადაცემას ითხოვს,”- აღნიშნავს პატარაია.

2015 წლის 23 იანვარს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უარი, მიკაელ კადიევისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე და სამინისტროს საკითხის თავიდან განხილვა დაავალა. მოგვიანებით, სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მალხაზ პატარაიას განმარტებით, სასამართლო სხდომა ხვალ, 19 თებერვალს გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი