ახალი ამბები

27 თებერვალს „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ აქციას გეგმავენ

18 თებერვალი, 2016 • 1327
27 თებერვალს „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ აქციას გეგმავენ

27 თებერვალს, სამოქალაქო მოძრაობებისა და ორგანიზაციების გაერთიანება  „ერთად“, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სახელობის სკვერში „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ აქციას გამართავს.

ორგანიზატორების განცხადებით, მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და განხილვების დაწყება სურთ, რათა პროექტი შეჩერდეს.

„პარტიზანი მებაღეების“ წევრის, ნატა ფერაძის, თქმით “პროექტი  მთელ თბილისს შეუცვლის იერსახეს”:

“უკვე შეუქცევადი პროცესია დაწყებული. მოჭრილია კლდე და ეს ხეების მოჭრაზე უარესია, იმიტომ, რომ ხეს კიდევ დარგავს ადამიანი. ლანდშაფტი და სილუეტი შეეცვალა უკვე ქალაქს, თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება გაჩერდეს. იქნებ რაღაცნაირად ლოგიკური გზებით შევაჩეროთ ეს პროექტი,“ – ამბობს ნატა ფერაძე.

“პანორამა თბილისი” არის “თანაინვესტირების ფონდის” პროექტი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილია. პროექტი მიზნად ისახავს თავისუფლების მოედანზე ე.წ. ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე, “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებას. პროექტის მიხედვით, სასტუმრო და ბაღი აშენდება სოლოლაკის ფერდობზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით. სასტუმროებთან დაკავშირება საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი