ახალი ამბები

აქციაზე დაკავებულებს განაჩენი გამოუტანეს

26 მარტი, 2011 • • 1202
აქციაზე დაკავებულებს განაჩენი გამოუტანეს

სამ ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა, ოთხს კი ჯარიმა – 400 ლარი შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა დარასელიამ წუხელ, შუაღამეს, გამართულ პროცესზე. 7  მოქალაქე პოლიციამ გუშინ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან, ყაზბეგის გამზირზე, გამართულ აქციაზე დააკავა.

დაკავებულთა შორის იყვნენ: მსახიობი გია ბურჯანაძე, „წინააღმდეგობის მოძრაობის” ომბუდსმენები – მერაბ ჭიქაშვილი და გიორგი ხარაბაძე, ასევე ლადო სადღობელაშვილი და სხვები. სასამართლომ ოთხ მათგანს – გია ბურჯანაძეს, ლადო სადღობელაშვილს, ბესიკ ტაბატაძესა და ოთარ ბექაურს  400– ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ხოლო დანარჩენებს – მერაბ ჭიქაშვილსა და გიორგი ხარაბაძეს ადმინისტრაციული პატიმრობა 20, აკაკი ჩიქოვანს კი – 10 დღით. მათ ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით წაუყენეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ბრალდებულთა ინტერესებს გელა ნიკოლაიშვილი იცავს.

სასჯელარსრულების სამინისტროს წინ გუშინ აქცია “წინააღმდეგობის მოძრაობამ” გამართა, რომლის წევრის, ირმა ინაშვილის თქმით, ამ აქციის შესახებ ინფორმაცია ბოლო ერთი თვეა ვრცელდება. პოლიციამ მოქალაქეები იმ დროს დააკავა, როცა მათ ყაზბეგის გამზირი გადაკეტეს, სამართალდამცველებმა კი გზის გახსნა სცადეს.

„ეს არის აქცია „მეც პატიმარი ვარ.“ ბოლო 10 დღის მანძილზე 7 პატიმარია წამებით მოკლული. ჩვენ ვაპროტესტებთ პატიმართა წამების ამ კამპანიას, რომელიც დაიწყო ხელისუფლებამ. ამავდროულად, ჩვენ ვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ფართო ამნისტია და ვთავაზობთ საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მომზადებულია „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ომბუდსმენთა მიერ,“ – ამბობს ირმა ინაშილი.

25 მარტის აქციამდე „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ 18 მარტს აქცია გამართა რუსთაველის ძეგლთანაც. ინაშილის თქმით, გუშინდელ აქციაზე პატიმართა დედები მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან მოითხოვდნენ შეხვედრას. მათი ეს განაცხადი კი სამინისტროში 4 დღით ადრე იყო შესული.

ირმა ინაშილი ასევე ამბობს, რომ 25 მარტის აქცია წესების სრული დაცვით ჩატარდა. მათ მერიას წინასწარ, წერილობით შეატყობინეს ამის შესახებ, სადაც გზის გადაკეტვის შესახებაც იყო მითითებული.

„დღეს დედებმა მინისტრთან შეხვედრაზე უარი მიიღეს და ნაცვლად იმისა, რომ წესრიგი უზრუნველყოთ, პატრულმა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა.

“დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” ხელმძღვანელის, მანუჩარ სიგუას თქმით, აღნიშნული აქციის დაშლისას ამავე მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ძმას, კახა ომარაძეს პატრულის თანამშრომელმა თავში იდაყვი ჩაარტყა. როგორც სიგუა ამბობს, ომარაძე ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი