ახალი ამბები

„მაესტროს“ „ჯენტლმენური“ გადანაწილება

25 მარტი, 2011 • 1124
„მაესტროს“ „ჯენტლმენური“ გადანაწილება

გიორგი გაჩეჩილაძე
გიორგი გაჩეჩილაძე

„უცნობს“, იგივე გიორგი გაჩეჩილაძეს ტელეკომპანია „მაესტროს“ 50%–ანი წილი მხოლოდ „სიტყვიერი, მეგობრული, ადამიანური და ჯენტლმენური შეთანხმების“ საფუძველზე გადაეცა.

„თავისუფალი სიტყვის გაძლიერებისთვის, ტელეკომპანია “მაესტროსა” და რადიო ”ნაცნობს” შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რადიო “ნაცნობი” ტრანსფორმირდება როგორც რადიო “მაესტრო”. ხოლო ტელეკომპანია “მაესტროს” აქციათა 50%, 2006 წელს მიღებული შეთანხმების საფუძველზე, გადაეცემა გია გაჩეჩილაძეს“ – ეს ინფორმაცია „მაესტროს“ ხელმძღვანელობამ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით ორი დღის წინ გაავრცელა. თუმცა სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილება ამ დრომდე არ ასახულა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თუკი სამართლებრივად ხდება ცვლილების განხორციელება იურიდიული პირის რეგისტრირებულ მონაცემებში, ის მომენტალურად აისახება სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შპს „სტუდია მაესტროს“ (იგივე ტელეკომპანია „მეასტროს“) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება უკანასკნელად 2011 წლის 13 იანვარს განხორციელდა, როდესაც კომპანიის დირექტორის პოსტზე კახი ბექაური ილია კიკაბიძემ შეცვალა. კომპანიის მფლობელების სია ასე გამოიყურება: მამუკა ღლონტი – 38% წილით, გიორგი ებრალიძე – 38% წილით, ლევან ჩიკვაიძე – 19% წილით და ეკატერინე აკობია – 5% წილით.

„დიახ, რეესტრში ოთხი დამფუძნებელია, ანუ იურიდიულად ასეა, მაგრამ ისე, მამუკა ღლონტს ყველა პრესკონფერენციაზე აქვს ნათქვამი, რომ 10–მა მეგობარმა, ვინც გავაკეთეთ „მაესტრო“, 10–ნი ვართ დამფუძნებლები“ – ამბობს „მაესტროს“ დირექტორი ილია კიკაბიძე.

„10 დამფუძნებელი ჰყავს „მაესტროს“. ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ჯენტლმენური შეთანხმება. მოვიპალარაკეთ წილების გაყოფაზე და ვერ მოვაბით იურიდიულად ამის გაფორმებას თავი,“ – აცხადებს მამუკა ღლონტი, „მაესტროს“ ერთ–ერთი დამფუძნებელი.

კიკაბიძე და ღლონტი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნავენ, რომ 10–მა მოწილემ თანაბრად ჩამოიკლო წილი და ასე შეუგროვდა „უცნობს“, იგივე გიორგი გაჩეჩილაძეს 50%–ანი წილი. ამ წილის სანაცვლოდ კი გაჩეჩილაძემ რადიო „ნაცნობის“ რადიო „მაესტროდ“ ტრანსფორმირება უნდა მოახდინოს, თუმცა, როგორც ირკვევა, აქაც საქმე არა სამართლებრივ, არამედ „სიტყვიერ–ადამიანურ–ჯენტლმენურ“ გარიგებასთან გვაქვს.

საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში რადიო „ნაცნობი“ არ იძებნება. რადიო „ნაცნობი“ მაუწყებლობს სიხშირეზე FM94.30 MHz. ამავე სიხშირეზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ლიცენზია გაცემული აქვს შპს „ქართულ რადიოზე.“ „ქართული რადიოს“ პარტნიორებს შორის არ ფიგურებს გიორგი გაჩეჩილაძე. სამაგიეროდ, ეს კომპანია ფიგურირებს რადიო „უცნობის“ სამეწარმეო ამონაწერში, როგორც იმ ქონების მესაკუთრე, რომელზეც  რადიო „უცნობს“, როგორც მოვალეს, გირავნობა აქვს გაფორმებული. შპს „რადიო უცნობის“ 51%–ანი წილის მფლობელია სს „საზოგადოება ლევან გაჩეჩილაძე“.

შპს „ქართული რადიოს“ დირექტორი და 100%–ანი წილის მფლობელი თამაზ კაპანაძეა.

„თამაზ კაპანაძე არის გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი და პარტნიორი“ – ამბობს ილია კიკაბიძე. მისივე თქმით, ტელეკომპანია „მაესტროში“გიორგი გაჩეჩილაძემ, როგორც ფიზიკურმა პირმა, მიიღო 50%–ანი წილი.

„მაესტროში“ განმარტავენ, რომ ტელეკომანიისა და რადიო „ნაცნობის“ დაკავშირება და გიორგი გაჩეჩილაძისთვის წილის გადაცემა 2006 წელს მიღებული შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

„2005 წლის ბოლოდან, 2006 წლის დასაწყისიდან ჩვენ გვქონდა შეთანხმება მეგობრული, სიტყვიერი, ადამიანური, რის საფუძველზეც ვთანამშრომლობდით ამდენი წელი და უბრალოდ, იურიდიულად გაფორმდა ახლა“, – ამბობს ილია კიკაბიძე.

თუმცა იურიდიულად არც ახლა გაფორმებულა რამე, ყოველ შემთხვევისთვის ამ დრომდე.

„ნებისმიერი შეთანხმება – სიტყვიერიც და ქაღალდზე დაწერილიც არის შეთანხმება. ადამიანები ერთმანეთს ენდობიან. აი, ეს არის ჯენტლმენური შეთანხმება“, – აცხადებს მამუკა ღლონტი.

კიკაბიძის თქმით, იურიდიულად ეს საკითხები აპრილის შუა რიცხვებში გაფორმდება.

„ეს პროცესია… მე მართვაში არ ვარ, აკეთებენ საბუთებს და ალბათ, ამ დღეებში გაფორმდება ყველაფერი ოფიციალურად“ – ამბობს მამუკა ღლონტი.

ტელეკომპანია „მაესტრო“ მართვის უფლებით სამი წლის ვადით 2009 წლის ნოემბერში გადაეცა „რუსთავის მედიის მართვის კომპანიას“, რომლის 100%–ანი წილის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილია, „ქართული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი. ამავე პარტიის ლიდერია გიორგი გაჩეჩილაძის ძმა – ლევან გაჩეჩილაძე.

ამის მიუხედავად, ილია კიკაბიძე ამბობს, რომ „ტელეკომპანია „მაესტრო“ და რადიო ”მაესტრო” კვლავ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი მედია საშუალება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი