ახალი ამბები

იურიდიული კომიტეტისთვის საეპარქიო ოლქების შემოღების ინიციატივა მიუღებელია

16 თებერვალი, 2016 • 1104
იურიდიული კომიტეტისთვის საეპარქიო ოლქების შემოღების ინიციატივა მიუღებელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიოუღებლად მიიჩნია საზოგადოებრივი და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების “უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე”  საკანონმდებლო წინადადება  “საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა შეტანის შესახებ.”

მიხეილ (გელა) სალუაშვილის  წარდგენილი ინიციატივა საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში საეპარქიო და სამრევლო საბჭოების შემოღებას, ასევე მათთვის ადმინისტრაციული ორგანოს და ამ საბჭოს წევრებისთვის საჯარო მოხელეების სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ცვლილებებით წარმოდგენილია პარლამენტის წევრთა მაჟორიტარული სისტემით არჩევის ახალი წესი, კერძოდ, 73 წევრიდან 34 აირჩევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინსიტრაციული ერთეულებიდან, 34 შესაბამისი ეპარქიებიდან, ხოლო 5 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით წმინდა სინოდს ენიჭება უფლებამოსილება ბათილად სცნოს ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები.

ინიციატივის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი არის ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და ბ) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნებისთვის განსაზღვრული ეპარქია.

კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო ან/და წმინდა სინოდი.

ინიციატივის მიხედვით, საეპარქიო საბჭოს წევრები არიან მღვდელმთავარნი, ოთხი სასულიერო და ორი საერო პირი, ასევე პროექტის თანახმად, ეპარქიაში შემავალი ეკლესია/მონასტრები წარმოადგენენ საარჩევნო უბანს პარლამენტის არჩევნების დროს, ხოლო წმინდა სინოდის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილება და განკარგულება წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივ აქტს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა ამ საკანონმდებლო წინადადებაზე და დაადგინა:

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი არის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან, ხოლო 2002 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორისდადებული შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით. აღნიშნული შეთანხმებით, განსაზღვრულია სახელმწიფოს როლი ეკლესიის არსეობაში და ეკლესიის როლი სახელმწიკფოს არსებობაში და მათი დამოუკიდებლობა ერთმანეთისგან.

კომიტეტს მიაჩნია, რომ კანონპროექტით ხდება ეკლესიის ჩარება სახელმწიფოს საქმიანობაში და საარჩევნო პროცესებში, რომლის ორგანიზება და ჩატარება უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებათა ვალდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიუღებლად მიაჩნია,” – აღნიშნულია კომიტეტის დასკვნაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი