ახალი ამბები

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

16 თებერვალი, 2016 • 1401
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურის განხილვას.

კობა გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.

16 თებერვალს, კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატებმა კობა გვენეტაძის მოხსენება მოისმინეს, რის შემდეგაც დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფარული კენჭისყრის შედეგად  კომიტეტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა ზურაბ ტყემალაძემ, ალექსანდრე თამაზაშვილმა, პაატა კვიჟინაძემ, თემურ მაისურაძემ, ზურაბ აბაშიძემ, გურამ მისაბაშვილმა, გიორგი ჟვანიამ, გელა სამხარაულმა და მირიან წიკლაურმა მიიღეს.  რვა მათგანმა შეკითხვას – “უჭერთ, თუ არა მხარს კობა გვენეტაძის კანდიდატურის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას” დადებითი პასუხი გასცა, ხოლო ერთმა უარყოფითი.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt and Taggart-ის (საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია) ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში,  ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას,  ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი